რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ასტვაწ, ინჩუ ჰამარ?!”, ანუ რატომ არ შეიწყალა გევორქ მარგველაშვილმა ვოვა არუთინიანი

    „ასტვაწ, ინჩუ ჰამარ?!“ ანუ „ღმერთო, რისი გულისათვის?!“ — ასე დაასათაურა ნოდარ დუმბაძემ თავისი გენიალური მოთხრობა, რომელიც ეროვნებით სომეხი კაცის სიყვარულზეა აგებული საქართველოსა და ქართველებისადმი.

ასტვაწ, ინჩუ ჰამარ?! — მართლაც, რისთვის ზის ციხეში, ღმერთო, თბილისელი სომეხი ვოვა არუთინიანი?! რა დანაშაულისთვის მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ფრანგული ლიტერატურით გატაცებულ ინტელიგენტს, რომელიც მოხუცებული დედის სარჩენად ზაზუნებს ამრავლებდა?

ვლადიმერ ვლადიმერის ძე არუთინიანი არჩადენილი დანაშაულისთვის დასაჯეს — იმის გამო, რომ 2005 წლის 10 მაისს, თითქოს ცხვირსახოცში გახვეული გაფუჭებული სასწავლო ხელყუმბარა გასტყორცნა ჰაერში თბილისში ჩამოთრეული რომელიღაც პრეზიდენტის მიმართულებით.

არადა, სად არის ამის დამადასტურებელი კადრები, რატომ არ დააფიქსირა ეს ამერიკულმა თანამგზავრმა, რომელმაც ორი თვის შემდეგ ქართულ მხარეს გაურკვეველ ადგილას გადაღებული, თავჩაღუნული არუთინიანის ფოტო გადმოსცა — შავ სათვალეებსა და შავ ბეწვიან ქურთუკში?!

ან როგორ შეაღწია თავისუფლების მოედანზე პაპანაქება სიცხეში საეჭვოდ ჩაცმულმა შავსათვალიანმა მამაკაცმა, როგორ გადალახა მეტალოდეტექტორებით აღჭურვილი სპეცრაზმელების კორდონი?!

იქნებ ეს სულაც მიშა სააკიანის დადგმული სპექტაკლი იყო, ქართველებსა და სომხებს შორის შუღლის ჩასაგდებად — აქაოდა, ისევ სომხებმა ჩაგვიფურთხეს სტუმართმოყვარეობაშიო? თუ ასე არ არის, მაშინ რატომ არ გამოვიდა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც უმალ გამოხტება ხოლმე, როცა საქმე მორიგი ვეტო-ნეტოს დადებას ან კონსტიტუციის ჩაძირვას ეხება?! იმიტომ ხომ არა, რომ გარყვნილმა სააკაშვილმა მდიდარი სექსის მქონე მემკვიდრეს ავლაბრის სასახლე უანდერძა?!

ისიც საინტერესოა, რა სასჯელს მიუსჯიდნენ ვოვა არუთინიანს, ხელყუმბარა საბრძოლო და გამართული რომ ყოფილიყო, ტრიბუნებამდე მიეღწია და იქ მდგომი უმცროსი ბუში და სააკაშვილი დაღუპულიყვნენ მთელი მსოფლიოს გასახარად? ალბათ, განაჩენი ამ შემთხვევაშიც სამუდამო პატიმრობა იქნებოდა, რადგან სიკვდილით დასჯა საქართველოში დიდი ხნის გაუქმებულია და ჩადენილი და ჩაუდენელი დანაშაულებისთვის საქართველოში სასამართლო ერთნაირად სჯის!

იქნებ არუთინიანი სასჯელს შსს-ს მაღალჩინოსანი თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის გამო იხდის, რომელიც მთელი შსს-ს სპეცქვედანაყოფების მიერ ზაზუნების გამყიდველის დასაკავებლად ჩატარებული „კონტრტერორისტული“ სპეცოპერაციის დროს უმისამართო სროლისას დაიღუპა? უკაცრავად და, შსს-ს თანამშრომლები, რომლებმაც 2006 წელს უდანაშაულო გირგვლიანი მოკლეს, ვადამდე გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც ციხეში ერთიდან სამ წლამდე კომფორტულ პირობებში გაატარეს! მაშ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ ურიგებს შეწყალებებს მკვლელებსა და ნარკომანებს, მათ შორის, საკუთარი ქალიშვილის მეგობრებს, რატომ არ შეიწყალა არუთინიანი, რომელმაც უკვე 12 წელიწადი გაატარა სამარტოო საკანში?!

სად არის მტკიცებულებები, რომ სპეცრაზმელი „სნაიპერმა“ არუთინიანმა მოკლა და არა ბრმა ტყვიამ ვაშლიჯვარში ატეხილ აურზაურში?! უფრო სარწმუნოა, რომ შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ზურა ქვლივიძე მერაბიშვილის დავალებით მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა — სააკაშვილის ზონდერმა მოჰკლა, რათა ამით დამძიმებულიყო არუთინიანის დაუმტკიცებელი და არშემდგარი „ტერაქტი“, ხოლო ქართველი ხალხის აღტაცება თავისი მამაცი სომეხი შვილის მიმართ სიძულვილით შეცვლილიყო!

იქნებ არუთინიანი მარგველაშვილს საკუთარი სახელისა და მამის სახელის გამო სძულს, ის ხომ ვლადიმერ ვლადიმერის ძეა?

 

ან სულაც იმიტომ, რომ ის — ნამდვილი პატრიოტია, ქართველი ხალხის ერთგული სომეხი შვილი, საქართველოს ისტორიის მცოდნე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დიდი თაყვანისმცემელი?! დიახ, ზვიად გამსახურდიასი, რომლის პორტრეტიც მან კამერაში ერთჯერადი ცელოფნების პარკებისგან შექმნა!

როგორ არ გავიხსენო აქ საქართველოს სხვა სომეხი პატრიოტი — სომეხი მღვდელი სააკაშვილი, რომელმაც 400 წლის წინათ თათრების ჯარის ცხვირწინ, რომელსაც უკნიდან გიორგი სააკაძის ჯარი მისდევდა, მტკვარზე გადებული ხიდი დაშალა, რათა თათრებს გორი არ დაერბიათ? აკი, ეს ისტორიული ფაქტი წინ უძღვის გმირთაგმირი ბერი თევდორეს უპრეცედენტო თავგანწირვას!

ან იქნებ არუთინიანი მარგველაშვილს სულაც იმიტომ სძულს, რომ ის სომეხია?! თუმცა, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს იმდენი რამ აკავშირებს სომხებთან, რომ თავისუფლად შეგვიძლია მას გიორგის სომხური ანალოგი — გევორქი დავუძახოთ! თავად განსაჯეთ:

— მარგველაშვილი დაიბადა და გაიზარდა ძველი თბილისის სომხებით დასახლებულ რაიონში — სოლოლაკში, ამიტომ კარგად ფლობს სომხურ ენას;

— მარგველაშვილი საბჭოთა არმიის რიგებში სომხეთში მსახურობდა, სადაც მას ერთი კეთილი სომხური ოჯახი მეურვეობდა;

— მარგველაშვილის მასწავლებელი და მეგობარი იყო სომეხი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის საკუთარი ინსტიტუტის GIPA-ს რექტორად დანიშნა;

— მარგველაშვილი ძველი თბილისის ტრადიციულად სომხებით დასახლებულ რაიონში — ავლაბარში მუშაობს, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ხოჯევანქის სომხური სასაფლაოს გვერდით;

— და ბოლოს, მომავალი წლისათვის, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მარგველაშვილი სამუშაოდ მიიწვიეს ავლაბრის ცენტრში მდებარე შაუმიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორად!

და თუ მარგველაშვილი სააკაშვილთან მლიქვნელობას აგრძელებს, ნამდვილად ფუჭად დაშვრება — აშშ-ის პრეზიდენტები, როგორც წესი, მათზე თავდამსხმელებს იწყალებდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხლები გადარჩებოდნენ! აქვე ირონიულად შევნიშნავთ: მარგველაშვილი არუთინიანს არ იწყალებს იმიტომ, რომ კონკურენციის ეშინია! ვოვა არუთინიანი ქართველ ხალხში მარგველაშვილზე მეტი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს და თუ ციხიდან გამოვა, „კარალევა მარგოდ“ წოდებულ პლასტილინაზე უკეთესი პრეზიდენტი ნამდვილად იქნება!

დასასრულ მინდა, საქართველოში სომხეთის ელჩს, ცნობილ ძალოსან იური ვარდანიანს მივმართო: „ბატონო ელჩო, სომხეთის საელჩო, ალბათ, უსახსრობის გამო, ისევ თბილისის ყველაზე ვიწრო ქუჩაზე — ძაღლის გადასახვევში (საბაჩიღ პერეულოკ, იგივე ჩოდრიშვილის ქუჩა), სომხეთისთვის შეუფერებელ შენობაში მდებარეობს, რომელიც ჯაბა იოსელიანმა გაჩუქათ... ალბათ, უსახსრობის გამო სომხეთის საელჩოს სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ჟვანიას მკვლელობისა და ელჩ გიორგი ხოსროევის მერე აღარ ჩაუტარებია (თუ ვიწრო წრეში პურმარილებს არ ჩავთვლით).

თუკი სომხეთი ისე გაღარიბდა, რომ სომეხი არუთინიანისთვის ერთი კარგი ადვოკატის აყვანაც არ შეუძლია, მაშინ თბილისელები ფულს თვითონ შეაგროვებენ! 14 ივლისს, ქართული მარშის მერე, რომელიც თქვენგან ორ ნაბიჯში — აღმაშენებლის გამზირზე — გაივლის, ქართველები სომხეთის საელჩოს წინ უვადო აქციას დაიწყებენ ლოზუნგით „თითო ლარი — არუთინიანის თავისუფლებისთვის!“

და ბოლოს ისევ „კარალევა მარგოს“ მივმართავ: მარგველაშვილო, გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპს სამარცხვინო მონური მისალოცი წერილი რომ გაუშანშალე, იქნებ ისიც გეკითხა — ვოვა ხომ არ შევიწყალო ან რა ვუყო მის მოხუც დედას, რომელიც ზამთარ-ზაფხულ დეზერტირების ბაზართან „სალფეთქებს“ ყიდის შვილისათვის ციხეში ამანათის მისატანად?

და საერთოდ, გევორქ-ჯან, ერთხელ თუ დაინტერესებულხარ — საქართველოში, რომლის პრეზიდენტიც ბედის ირონიით ბრძანდები, რამდენი ადამიანი იხდის სამუდამო პატიმრობას და რისი გულისათვის?!

პატივისცემის გარეშე,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
გაზეთი „ასავალ - დასავალი“ №28
2017 წლის 10 ივლისი
საქართველო, თბილისი