რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამჯერ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა!

    ტრაილერები ტანკების ნაცვლად - მოსკოვის ახალი ინიციატივა ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისთვის?

 "სამხრეთ ოსეთი მზად არის, რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი რუსეთსა და ამიერკავკასიის ქვეყნებს, თურქეთსა და ირან შორის, ოღონდ, მხოლოდ როგორც თანასწორუფლებიანმა პარტნიორმა", - 2017 წლის 2 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (ПМЭФ) კულუარებში განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა
"მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და პასუხისმგებლურ პოზიციას, რომელიც ამიერკავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციის სისტემის განვითარების რეალურ პერსპექტივას ქმნის, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის", - ასეთი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია, რომელმაც მოუწოდა თბილისს, "ასეთივე კონსტრუქციული განწყობა გამოეჩინა - უპირველეს ყოვლისა,  მხედველობაში გვაქვს 2011 წლის 9 ნოემბრის ცნობილი შეთანხმება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის მიხედვით დაკისრებული ვალდებულებების დადასტურებას ქართული მხარე უკვე დიდი ხანია, თავს არიდებს".
"2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ოფიციალური მოსკოვისათვის ეს იმთავითვე ცნობილი იყო", - აღშფოთდნენ საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოუწოდეს რუსეთს, "დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და შეუდგეს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას".
თუმცა, შემდგომი მოვლენები საფუძველს იძლევა, ეჭვი შევიტანოთ ქართული საგარეო პოლიტიკური უწყების "აღშფოთების" გულწრფელობაში. მაშ ასე, თანმიმდევრულად მივყვეთ:
2017 წლის 7 ივლისს პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოილაპარაკეს, დაესრულებინათ კონსულტაცია ზემოთ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე და გადასულიყვნენ კონტრაქტების გაფორმებაზე შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელიც გააკონტროლებს საქონლის და ტვირთის მოძრაობას რუსეთიდან საქართველოს გავლით და პირიქით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებით. ამისათვის უახლოეს ხანში ჩამოყალიბდება შეთანხმების იმპლემენტაცის სამმხრივი რუსულ-ქართულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები აღარ იქნება - უკვე დროა, კონკრეტული შეთანხმებების გაფორმებაზე გადავიდეთ. სასურველია, შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების ხელმოწერა უახლოეს მომავალში მოხდეს და იმპლემენტაციის სტადიაზე გადავიდეთ", - განუცხადა აბაშიძემ რუსეთის მედიას პრაღაში მრავალსაათიანი მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ.
ესე იგი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "აღშფოთება" ისევე მოჩვენებითია, როგორც ევროპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, რასაც იმავდროულად თან ახლავს გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ისინი ჰპირდებიან იქაურ ლიდერებს, რომ დაითანხმებენ ქართულ მხარეს მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე“! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "აღშფოთება" ისეთივე არაგულწრფელია, როგორიც ევროკავშირის მისიის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ევროპელი დამკვირვებლები, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, სამხრეთ ოსეთის მხარემ 4 თვით ადრე შეატყობინა სასაზღვრო ბანერების დაყენების შესახებ! ანუ, ფაქტობრივად, ზემოდჩამოთვლილი მსოფლიო და ევროპელი ორგანიზაციები აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?!
შეუძლებელია, „აღშფოთებულ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ესმოდეთ, რომ საქართველოს პროამერიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ცნობილმა რუსოფობმა მიხეილ სააკაშვილმა სამჯერ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, როდესაც მათთან სამ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელთა შინაარსი ქართველი ხალხისთვის უცნობია. ესენია:
1. მედვედევი-სარკოზის ორი გეგმა საქართველოში საომარი კონფლიქტის მოგვარებისთვის - 2008 წლის 12 აგვისტოსი და მოდიფიცირებული - 2008 წლის 8 სექტემბრის, რომლებსაც სააკაშვილმა 15 აგვისტოს მოაწერა ხელი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების შემდეგ, სწორედ იმ ბოლო ფურცელზე, სადაც უკვე იყო ბაგაფშისა და კოკოითის ხელმოწერები! ეს ორი დოკუმენტი, პრაქტიკულად, უკვე ხელშეკრულებებია ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ტერიტორიულ საზღვრებში აღიარებენ.
2. ზემოთ ნახსენები 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმის პრინციპების შესახებ, რომელზეც უფრო დაწვრილებით შევჩერდებით.
აქ საქმეს ისე წარმოადგენენ, თითქოს შეთანხმების მიხედვით საქართველო კონტროლის უფლებას იღებს ყველა ტვირთზე, როგორც კი ისინი რუსეთიდან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლით მდინარე ფსოუთი და როკის გვირაბით საქართველოში მოხვდებიან - ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაუკონტროლებელ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
სინამდვილეში კი ეს შეთანხმება, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, "ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევა“ და „სააკაშვილის გამარჯვება" კი არ იყო, როგორც ამას აცხადებდა სააკაშვილისეული პროპაგანდისტული მანქანა, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი მარცხი მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, რადგან:
1. ქართულმა მხარემ უარი თქვა თავდაპირველ უმთავრეს მოთხოვნაზე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე და, შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ ელექტრონულ მონიტორინგზე დათანხმდა. ანუ, მოხდება კონტეინერების მარკირება - სატვირთო ტრაილერებზე ჩიპები დამაგრდება, რომელთა მეშვეობით ისინი GPS-ის თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით კოსმოსიდან გაკონტროლდება და ელექტრონულ ინფორმაციას მათი რაოდენობის და გადაადგილების შესახებ შვეიცარიული კომპანია SGS შეთანხმების ორივე მხარეს - ქართულს და რუსულს გადასცემს. საბაჟო პროცედურების უფლება კი, რაც გულისხმობს ტრაილერების გაჩერებას, დალუქული კონტეინერების გახსნას და ტვირთის უშუალოდ დათვალიერებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა ვერ მიიღო.
2. ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებენ არა საერთაშორისო დამკვირვებლები გაეროს, ევროკავშირის ან ეუთოს წარმომადგენელთა სახით, როგორც თავდაპირველად მოითხოვდა ქართული მხარე, არამედ კერძო შვეიცარიული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები.
3. კერძო შვეიცარიული კომპანია SGS დაქირავებულია შუამავლის - შვეიცარიის, და არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ან ევროკავშირის მიერ, როგორც მაშინ მოითხოვდა ოფიციალური თბილისი.
ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეუძლებელია, არ იცოდეს, რომ შეთანხმების მიხედვით შვეიცარიული კომპანია SGS თავის თავზე იღებს ზემოთ აღწერილ მონიტორინგს "სამი სატრანსპორტო დერეფნით", კერძოდ:
1) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "ვესიოლოე" (უროჟაინაიას ქუჩა სოჭის რაიონის დაბა ფსოუში) - საქართველო: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქალაქ ზუგდიდში, მდინარე ენგურზე გადებული ხიდის წინ;
2) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "ზემო ზარამაგი" (რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას ალაგირის რაიონის სოფელი ზარამაგი ან სოფელი ნარი, როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის შემდეგ) - საქართველო: ქალაქ გორის მახლობლად;
3) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "ზემო ლარსი" (რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას ვლადიკავკაზის ოლქი) - საქართველო: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი" სტეფანწმინდის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში.
გამოდის, რომ თუკი ფსოუ, ზარამაგი და ზემო ლარსი - რუსეთის საზღვარია, რომელიც არავისთვის სადავო არ გახლავთ, ესე იგი, საქართველოს საზღვარი შეთანხმების მიხედვით, სააკაშვილის წყალობით, ზუგდიდში, გორსა და ყაზბეგში გადის! ყაზბეგის შემთხვევის გარდა: ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო გადასასვლელზე არავითარი "სატრანსპორტო დერეფანი" არც ყოფილა და არც არის, საქართველოს და რუსეთს აქ ყოველთვის რამდენიმეკილომეტრიანი ნეიტრალური ტერიტორია ყოფდა, სადაც ტრაილერები ვერანაირად დაიკარგება, ამიტომ სამონიტორინგოც აქ არაფერია.
არანაკლებ საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - ვინ გაუწევს მონიტორინგს რუსეთიდან საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით მომავალ სამხედრო ტვირთებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების უზრუნველყოფისთვის არის განკუთვნილი? ვისგან მიიღებს საქართველო ინფორმაციას ტვირთებზე, რომლებიც რუსეთიდან სოხუმის, ოჩამჩირის, გაგრის და ახალი ათონის საზღვაო ნავსადგურებში ჩადის, ხოლო სატრანსპორტო ავიაციით - სოხუმის და გუდაუთის მახლობელ ბომბორას აეროპორტებში?
ან საქართველოში რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით (სასაზღვრო გადასასვლელი ბეიუკ-კიასიკი - სარკინიგზო საკონტროლო-გამშვები პუნქტი "გარდაბანი") და საავტომობილო გზით (საავტომობილო საკონტროლო-გამშვები პუნქტები "წითელი ხიდი", "ვახტანგისი", "ცოდნა") შემოსული ტვირთების საქმე როგორღა იქნება? გაუწევს თუ არა მათ მონიტორინგს კერძო შვეიცარიული კომპანია SGS?
გაუწევს თუ არა მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია SGS "ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის" რკინიგზას, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში? თუკი განზე გადავდებთ არარენტაბელურობის საკითხს და გავითვალისწინებთ სამხედრო მდგენელს ყარაბაღში ომის შემთხვევაში, ამ ახალი რკინიგზის საშუალებით ქართული დერეფნით რუსეთის ტვირთის ტრანზიტი შესაძლებელია.
განვაგრძოთ. „აღშფოთებულ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, უდავოდ, იციან, რომ რუსეთის მხრიდან თითქმის მზად მყოფი დაღესტნიდან კახეთში მომავალი ავტომაგისტრალი - ავარო-კახეთის გზა - ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიხსნება, როგორც გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმების გამო არასაიმედო ყაზბეგი-ზემო ლარსის მონაკვეთის ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ - 2018 წლის ივლისში - ამ სახიფათო მონაკვეთზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას ექსპლუატაციაში შევა 8,5 მ სიგანის 1,7-კილომეტრიანი დევდორაკის გვირაბი, რომელზეც საქართველოს მთავრობა 20 მილიონ დოლარს ხარჯავს. ეს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალს აქცევს წინანდებურად აქტუალურ საავტომობილო მარშრუტად, რომელიც სომხეთსა და საქართველოს რუსეთთან აკავშირებს,  ყველა დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ გზასთან ერთად, რაც რუსეთის ინტერესებში და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების სტრატეგიაში შედის.
ასევე, შეუძლებელია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მოესმინათ რფ-ის მთავრობის თავმჯდომარის დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელი განცხადებები ახალი პროექტის - შავი ზღვის ირგვლივ ჩქაროსნული წრიული მაგისტრალის შესახებ ტრანსევროპულ მარშრუტებზე გასასვლელით, რომელიც გაივლის თურქეთზე, ბათუმზე, ფოთზე, 
აფხაზეთსა და ყირიმზე.

 P.S. მაშ ასე, ქართულ სატრანსპორტო დერეფნებში, დიდი ალბათობით, მალე "ჩრდილოეთის ქარი" დაუბერავს, რაც ხელს აძლევს არა მხოლოდ რუსეთს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს, არამედ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ეკონომიკურ მოგებას მოუტანს.
ტრაილერები ტანკების ნაცვლად - რუსეთის ინიციატივა შეამცირებს დაძაბულობას ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის. ისინი ხომ იძულებული იქნებიან, შესაბამისი სტრუქტურების დონეზე ითანამშრომლონ და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მართლწესრიგის უზრუნველყოფას კონფლიქტის ზონებში, სადაც სატრანსპორტო დერეფნები გაივლის, რაც უკვე ორმხრივი ეკონომიკური ინტერესებით იქნება ნაკარნახევი.
ამ ფორმატში რეალურად მუშაობამ, ყოველდღიურმა კონტაქტებმა, ქართული, ოსური, აფხაზური ძალოვანი სტრუქტურების და ეკონომიკური ბლოკის მიერ მიღებულმა ერთობლივმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში არასაჭირო გახადოს შეხვედრები შორეულ ჟენევაში, სადაც სახელმწიფო ჩინოვნიკები მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთ პრეტენზიებს ახმოვანებენ. აბსურდულია, როდესაც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ საკუთარ სახლში, მეზობლად ჩამოართვან ხელი ერთმანეთს, მაგრამ მოსალაპარაკებლად ცხრა მთას იქით დადიან!
რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, სავარაუდოა, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამუკიდებლობის არაღიარება თანდათანობით ახალ რეალიებთან ადაპტირდება, დროებით მეორე პლანზე გადავა და ადგილს დაუთმობს ხელსაყრელ ეკონომიკურ ტრენდს, რომელიც ავტომატურად მისცემს სტიმულს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ჰუმანიტარული კონტაქტების აღდგენას. ჩიხში შესული პრობლემა, რომელიც "წითელ ხაზად" გადის საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის, რომლებიც დღეს, რუსეთის ყოველმხრივი დახმარების და დოტაციების მიუხედავად, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის დიდ სიძნელეებს განიცდიან, მომავალში შეიძლება თავისთავად მოგვარდეს, მხარეთა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 7 აგვისტო
საქართველო, თბილისი


ამ თემაზე აგრეთვე წაიკითხეთ: "რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და უვიზო რეჟიმი შეუძლებელია საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე";