სამართალი
დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბება იკრძალება, პიროტექნიკის გამოყენება მარტო დღესასწაულებზე დაიშვება

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. 2017 წლის 15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბება იკრძალება. დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე - 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
ამის შესახებ ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მიმდინარე წლის 28 ივნისს შევიდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40 დეციბალს.
პიროტექნიკის გამოყენებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეზე (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).