საზოგადოება
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 8 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტია, მათ შორის 2,5 ათასზე მეტი ინდოელი, 974 ერაყელი, 439 ნიგერიელი და 360 თურქი. მათთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის!

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2016-2017 სასწავლო წელს განათლება 8 ათასზე მეტმა უცხოელმა სტუდენტმა მიიღო, აღნიშნულია "საქსტატის" ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებში. უცხოელ სტუდენტებს შორის რაოდენობრივად პირველ ადგილზე არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები — 2,6 ათასზე მეტი, აქედან 557 განათლებას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში იღებდა. შემდეგ მოდიან ინდოეთის მოქალაქეები — 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, ერაყის — 974, ნიგერიის — 439 და თურქეთის — 360.
უცხოელი სტუდენტები საქართველოში, ძირითადად, უპირატესობას ანიჭებენ სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესს, იურისპრუდენციასა და მედიცინას.
უცხოელ აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის მხოლოდ სრული საშუალო განათლების ატესტატის წარდგენა სჭირდებათ - მათთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის, თუ სწავლისთვის სახელმწიფო გრანტის მიღება არ სურთ. დაფინანსება შესაძლოა, 100%-იანიც იყოს.