პოლიტიკა
გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით - იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზაციის პრობლემა, ის სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით ე.წ გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე. ასევე, წუხილი გამოითქვა გალის რაიონში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაეროს და მისი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც იქნება გაეროს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში.
პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.