საზოგადოება
ოპოზიცია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას ეხმაურება. ოპოზიციის წევრების თქმით, კომისია კონსტიტუციის ახალი დოკუმენტის შეფასებისას საკმაოდ მკაცრი იყო

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ოპოზიციაში უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ პროპორციულ სისტემაზე 2020 წლის ნაცვლად 2024 წელს გადასვლა უმრავლესობასთან დიალოგის დროსაც მთავარი ბარიერი იყო. მათი თქმით, ეს ბარიერი აღნიშნულია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშიც. ისინი უმრავლესობას კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგების გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ.
„რამდენიც არ უნდა დაიმშვიდოს „ქართულმა ოცნებამ“ თავი და სირაქლემის პოზაში იყოს, ანგარიში და მოსაზრება არის ძალიან კრიტიკული. გავიხსენოთ, რა ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ეს არის ერთი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მეორე, საპარლამენტო არჩევნების სისტემა. ორივე არის მკვეთრად გაკრიტიკებული“, - აცხადებს "მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი გააკრიტიკა.
„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიიღო ის ვარიანტი საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც წარდგენილია და რომელზეც კატეგორიულად ცუდი დასკვნაა ვენეციის კომისიისგან, ეს იქნება ქართული დემოკრატიის გადავადება,“ - აცხადებს დეკანოიძე.