სამართალი
საარჩევნო ბლოკებისა და ბონუსების საკითხზე ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირებას პარლამენტი მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მესამე მოსმენით წარმოდგენილი ცვლილებების განხილვის დროს ახსენა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებს, თუმცა შესწორებები მოხდება ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ეხება ორ საკითხს: ბონუსების ამოღებას და ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დატოვებას. კობახიძემ განმარტა, რომ რადგან ვენეციის კომისიის ორივე შენიშვნა არასარედაქციო ხასიათისაა, მათი განხილვა დარჩენილი, მესამე მოსმენის ფორმატში ვეღარ მოხდება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამართლებრივი სირთულეების გათვალისწინებით მიმდინარე განხილვა მინიმუმ თებერვლამდე გადაიდება, ახალი ცვლილებების ინიცირება კი უკვე მარტში იქნება შესაძლებელი და ამას არანაირი დამატებითი რესურსი არ დასჭირდება.