საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნის გაგზავნიდან 48 საათი 26 სექტემბერს, 14.00 საათზე იწურება და, შესაბამისად, პარლამენტს სხდომის გამართვის უფლება აქვს! - გიორგი კახიანი

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი კახიანმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ მიმართვა რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში ოფიციალურად გატარდა დღეს. შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უარის შემდეგ, უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის გამართვის საშუალება აქვს 48 საათის გასვლის შემდეგ. 
"ჩვენ ვამბობდით, რომ მესამე მოსმენა კონსტიტუციური პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართებოდა. გვინდოდა, რომ რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს გამართულიყო და ის შემთხვევაც გავითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო პრეზიდენტს სხდომა არ მოეწვია. ვინაიდან პრეზიდენტს რიგგარეშე  სხდომის მოწვევაზე მიმართვა  კვირას 14:00 საათზე გაეგზავნა, 48 საათი ხვალ, 14:00 საათზე იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს შეუძლია, შეიკრიბოს და კონსტიტუციური პროექტის მიღებაზე იმსჯელოს. ზუსტად წუთები რომ გითხრათ, 14:01 საათზე მიმართვა გაეგზავნა და ჩაბარებული 14:06 საათზე იყო", - განმარტა კახიანმა.