რელიგია
“საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს…” - კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.10.2017)

      საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი.
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოველი ადამიანი მიდის ან წინ, ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ და ზოგიერთს ეს აღიზიანებს. უკან ჩვენ ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან.
ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისათვის.
ხშირად მეკითხებიან, აი ამ ორმოცი წლის მანძილზე თუ რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა, შვიდგზის ლოცვა ეს ღვთის დიდი წყალობაა და იგი სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, მაგრამ ალბათ მარტო დალოცვა არ არის საკმარისი. უნდა გძალიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება, ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან.
როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები? ერთ-ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი: კარგი იქნებოდაო, რომ დალოცვამდე ან დალოცვის შემდეგაც ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა.
გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. მე ძალიან მომწონს შემოთავაზებული წინადადება. თან ძნელი არ არის, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები _ მადლობის ლოცვა, წმინდა სამების, იესოს, ღვთისმშობლის და სხვა ლოცვები. ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. აი დავუშვათ დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე მორიგეობით წაიკითხავენ ლოცვებს და გვარის შესაწირავი იქნება სამი ცხვარი, რომელიც  გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. მე ვფიქრობ, ეს მოიტანს საოცარ შედეგს, რომ გაძლიერდეს სიყვარული ხალხში, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა/
ძველი რომაელები ამბობდნენ  HOMO HOMINI LUPUS EST.  ადამიანი ადამიანისათვის მგელია. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამას ვერ ვიტყვით, ვერც ვიმოქმედებთ ამ კანონით.  ადამიანი ადამიანისათვის საყვარელი ძმა უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მოყვასს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია და ცოდვაშია ჩავარდნილი.
ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს, რათა დავიწყოთ  სულიერ კიბეზე ასვლა, კიბეზე, რომელიც მიგვიყვანს სასუფეველში.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიერეოთ.
შეგახსენებთ, რომ მომავალ შაბათს არის სვეტიცხოვლობა; პარასკევს, საღამოს 6 საათზე, დაიწყება ლოცვა და შაბათს დაიწყება 10 საათზე წირვა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
დღეს ილოცებიან სანთელაძეებისა და სამთელაძეების გვარები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ. სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმინდისათა.
დალოცვილი იყავით და მოემზადეთ  სულიერი მოღვაწეობისათვის!
ჩვენთან არს ღმერთი.”