სამართალი
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოეთის მოქალაქე ქალი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის ოლქის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი ქალი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე აიყვანეს. რუსული სპეცსამსახურები მის ვინაობას არ ასახელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ტერორისტულ დაჯგუფებაში ახალგაზრდების გადაბირებასა და სირიაში რეკრუტების გადაყვანის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილის მეუღლე რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბრძოლისას დაიღუპა, რის შემდეგაც დაკავებული ჯიჰადის აქტიური მიმდევარი გახდა.
ტერორისტულ დაჯგუფებებში ახალ წევრებს ის ფსიქოლოგიური მანიპულაციებით იზიდავდა, ინტერნეტის საშუალებით ამყარებდა ე.წ. სასიყვარულო კავშირს და მათ დაქორწინებასაც ჰპირდებოდა.
სპეცსამსახურების ცნობით, ეჭვმიტანილს თურქეთის გავლით სირიაში ათობით ადამიანი ჰყავს გადაყვანილი და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან.