საზოგადოება
“რვა თვეზე მეტია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალის მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის“ – საპატრიარქო

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.
სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან, გარკვეული ანაზღაურების ფასად, ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება; ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.
საპატრიარქოსთან არსებული მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს. სიების შედგენაში კი აღნიშნულ ქალბატონთაგან არცერთს არასოდეს მონაწილეობა არ მიუღია (გარდა ქ-ნი მზექალასი; ამას იგი თავის თანამშრომლებთან ერთად აკეთებს)”, - ნათქვამია, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს 16 ოქტომბრის განცხადებაში, სადაც ცალკე აღნიშნულია, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით“.