რედაქტორისგან
ტერორიზმი საქართველოში - ქართველი საზოგადოების გახრწნილი ნაწილისა და მისი ხელისუფლების პარანოიდული რუსოფობიის შედეგია! - არნო ხიდირბეგიშვილი

      ყოველ ჯერზე, როდესაც მსოფლიოში ტერაქტები ხდებოდა, ჩვენ ფეისბუქით ვუცხადებდით სოლიდარობას ხალხებს მსხვერპლის გამო, მაგრამ ამავე დროს სულის სიღრმეში ჩუმად გვიხაროდა, რომ ეს ჩვენთან კი არა, სადღაც შორს ხდება, და ვსასოებდით უფლის მფარველობას, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს სწყალობ!
მაგრამ გასული კვირის თბილისის მოვლენებმა პროსტრაციიდან გამოგვიყვანა - აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც შეიძლება, დღისით-მზისით ავტომატების კაკანი ისმოდეს და ხელყუმბარები ფეთქდებოდეს, ხოლო ქართველების დახოცვის „პრივილეგია“ ამიერიდან არა მხოლოდ თავისიანებს აქვთ, როგორც ახლო წარსულში რუსთაველის გამზირზე, არამედ საერთაშორისო ტერორისტებსაც...
თუ გახსოვთ, როგორი სარკაზმით აღიქვეს საქართველოში 2004 წელს პუტინის წინადადება - ბათუმში ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ რუსეთის სამხედრო ბაზის დისლოკაციის ადგილზე, რომელსაც სააკაშვილმა, პუტინისთვის მიცემული პირობის დარღვევით, სასწრაფოდ გასვლა უბრძანა?! არ გინდათ და ნუ გინდათ, თქვენი საქმისა თქვენ იცითო, - უპასუხა მაშინ პუტინმა, - ბოლოს და ბოლოს, საქართველოს უფლება აქვს, თვითონ აირჩიოს ანტიტერორის ინსტრუქტორები და მან ამერიკელები აირჩია, თუმცა რუსები მათ არაფრით ჩამოუვარდებიან.
რაც იყო - იყო,  ნუღარ გავიხსენებთ, მაგრამ განა დღეს პუტინის გამუდმებული მოწოდებები - ძველი უთანხმოება გვერდზე გადავდოთ და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გავერთიანდეთო - რომლებიც მის ყველა გამოსვლას რეფრენად გასდევს, ქართულ პოლიტისტებლიშმენტში ადეკვატურად აღიქმება?! არა, მათ აღიქვამს, როგორც „რუსი ოკუპანტების ვერაგი პრეზიდენტის“ მორიგე ფრაზებს, საუკეთესო შემთხვევაში - როგორც ცარიელ სიტყვებს! თბილისში პასუხად დაზუთხულ ინგლისურ ტექსტს იმეორებენ „რუსულ პროპაგანდაზე“ და „შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებაზე“, და ბავშვებივით უხარიათ - ხან ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები 78 მილიონ ევროდ, ხანაც ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „Javelin“ 75 მილიონ დოლარად, რომლებიც ან „საიმედოდ დაგვიცავენ“ რუსული ავიაციისა და ტანკებისგან (აბა, ტერორისტების არსენალში არც თვითმფრინავებია, არც ტანკები), ანდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში დაგვეხმარებიან.
კეთილი, ამასაც თავი დავანებოთ, თუმცა უსარგებლო შეიარაღება ნაჩუქარი კი არ არის, შეძენილია საქართველოს ისედაც „თოჯინური“ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, ეროვნული ვალუტის კატასტროფული ინფლაციის და ქართველი გადასახადების გადამხდელთა ტოტალური გაღატაკების ფონზე. აჯობებს, შედეგებს გადავხედოთ, რომლებსაც ოპტიმისტურს ვერაფრით დაარქმევ. მაშ ასე:
ა.წ. 22 ნოემბერს თბილისში სუს-ის და შსს-ს ელიტურ ქვედანაყოფებს 22 საათი დასჭირდათ ცალხელა და ცალფეხა ჩეჩნის და მისი ორი ამხანაგის გასაუვნებლებლად, ასე რომ, რუსეთის არმიისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლება „ჯერჯერობით“ უნდა დავივიწყოთ... ასეთი პროფესიონალები ისლამურ სახელმწიფოს ათასობით ჰყავს, მაგრამ რუსულმა არმიამ ისინი სირიაში დაამარცხა. ხოლო ამერიკელებმა და ნატომ, რომლებზეც საქართველომ ფსონი დადო, ეს ვერ შეძლეს. მეტსაც გეტყვით, საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილი ნატოს სასწავლო ცენტრები და აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრები, შესაძლოა, ტერორისტებისთვის ისევე იქცეს სამიზნედ, როგორც, მაგალითად, ჩვენი „მოკავშირეების“ სამხედრო ბაზები ავღანეთში, რომლებსაც დღეს “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში
(RSM) მონაწილე 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იცავს და ადამიანურ დანაკარგს განიცდის!
თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამი ჩეჩნის დასაკავებლად ჩატარებული წარუმატებელი ოპერაციის ტაქტიკის და ტექნიკური ასპექტების შეფასებას არ ვაპირებ (წარუმატებლის - იმიტომ, რომ მათი ცოცხლად აყვანა არ მოხერხდა და ისინი გაანადგურეს). იყო თუ არა ეს ინვალიდი აჰმედ ჩატაევი თავისი ორი მცველით, იმყოფებოდნენ თუ არა იმავე ბინაში ქალები და ბავშვები, რომლებიც თბილისის ცნობილ კლინიკებში სამკურნალოდ ჩამოვიდნენ და სპეცოპერაციის დროს სადღაც გაქრნენ, უკვე არც ისე მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ბინემში გამაგრებული კაცები 22 საათის განმავლობაში საქმის ცოდნით იბრძოდნენ და 4 შეტევა მოიგერიეს, რითაც ოპერაციაში ჯავშანტექნიკით აღჭურვილი სპეცდანაყოფების (სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის, შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის, შსს-ს საპატრულო პოლიციის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების) არაპროპორციულად დიდი ძალები ჩართეს. ტერორისტები ამ გარემოებას აუცილებლად გაითვალისწინებენ და არ გამოვრიცხავ, მომდევნო ჯერზე პარალელურად ორ ან რამდენიმე ტერაქტს მოაწყობენ, ერთ მთავარს, დანარჩენს კი ყურადღების გადასატანად, და ამგვარად საქართველოს მთელი სამართალდამცავი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევენ (ვიმეორებ, ამჯერად ეს ტერაქტი კი არა, ისლამური სახელმწიფოს ტერორიზმში ბრალდებული ბოევიკების იარაღით გაჭედილ მათსავე ბინაში აყვანის წარუმატებელი ოპერაცია იყო, რომლის დროსაც ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა).
რაც შეეხება „მომდევნო ჯერს“ - საქართველოში პერმანენტული ტერაქტების ალბათობა დიდია, ისლამური სახელმწიფოსგან სირიის გათავისუფლების შემდეგ ხომ ტერორისტები, რუსეთის ავიაციის და საჰაერო-კოსმოსური ძალებისგან თავის დასახსნელად, ყველა მხარეს გაიფანტნენ. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, არასტაბილურ ქვეყნებში დაბინადრდება, მაგალითად - იემენში, ლიბიაში, სუდანში, ხოლო რუსეთის და საქართველოს მკვიდრნი უკვე შინ ბრუნდებიან. რით დაკავდებიან სახლში, ძნელი მისახვედრი არ არის, ხოლო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ
(რომელმაც დაგვიანებით მოინანია) წინდაუხედავად შექმნილი ტერორისტული ორგანიზაციის - ისლამური სახელმწიფოს მეთოდების წინააღმდეგ პარიზი და ლონდონი, ანკარა და ნიუ-იორკიც კი უძლური აღმოჩნდნენ, არადა, ისინი თბილისზე ბევრად მეტად არიან დაცული!
გარდა ამისა, არსებობს მიზეზები, რომელთა გამო საქართველო ტერორისტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს მისი გეოსტრატეგიული მდებარეობაა, რომელსაც გულისხმობდა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, როდესაც თბილისის მოვლენებამდე 5 დღით ადრე განაცხადა მთავარი გარემოების შესახებ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას ხელს უშლის.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა. ამ საკითხის გადაჭრაში დიდ როლს თამაშობს ამ რეგიონში უსაფრთხოებაც. საქართველოს მახლობლად სამხედრო კონფლიქტები ხდება, დაფიქსირებულია ტერორისტთა მცდელობები, ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწიონ“, - განუმარტა კარასინმა ჟურნალისტებს ა.წ. 16 ნოემბერს პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ.
საქართველოში, როგორც ყოველთვის, არჩიეს, კარასინის განცხადება მეორე ყურიდან გაეშვათ - ზუსტად ისევე, როგორც პრეზიდენტები შევარდნაძე და სააკაშვილი უგულებელყოფდნენ რუსეთის შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მრავალგზის განცხადებებს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტების შეღწევაზე პანკისის ხეობიდან, რომელიც ბოევიკებმა სამხედრო საველე ბანაკად გადააქციეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ:
ტერორიზმი, რომელმაც დღეს საქართველოში თავი წამოჰყო - ქართველი საზოგადოების გახრწნილი ნაწილისა და პრეზიდენტ შევარდნაძიდან დაწყებული,  მისი ხელისუფლების პარანოიდული რუსოფობიის და კონფორმიზმის  პირდაპირი შედეგია, რომელიც საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის ადმინისტრაციის სრული თანხმობითა და მხარდაჭერით, რუსეთის წინააღმდეგ პანკისის ხეობის ტერორისტების გამოყენების გიჟურ გეგმებს სახავდა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რაღა თქმა უნდა, რუსოფილი არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტობის 7 თვის განმავლობაში მერკანტილური ინტერესები არ ჰქონდა და აშშ-ის დავალებებს არ ასრულებდა).
სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დევნის ისლამური სახელმწიფოს გადამბირებლებსა და მოხალისეებს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს, პანკისის ხეობამ ხომ ისლამურ სახელმწიფოს არა მარტო რიგითი ბოევიკები აჩუქა, არამედ პროფესიონალი სამეთაურო ელიტაც - მარტო თარხან ბათირაშვილი რად ღირს! და თავს ნუ დავიმშვიდებთ იმ აზრით, რომ „მშვიდობიანი პანკისელი ოჯახები“ „გმობენ“ ან „არ იციან“ - რა საქმიანობას ეწევიან მათი ნაშიერები. უკიდურესად „გაოცებული“ მშობლები რას არ მოგიყვებიან, მაგრამ გულში ყოველთვის საკუთარ შვილებს დაუჭერენ მხარს, მთიელი ხალხის მენტალიტეტი ხომ კავკასიის ომების დროიდან საერთოდ არ შეცვლილა, ამიტომ აბრაგებთან ნებისმიერი ლაქუცი აპრიორი მარცხისთვის არის განწირული:
-  მარცხით დამთავრდა ედუარდ შევარდნაძის ლაქუცი, რომელმაც საქართველოში „იჩქერიის ელჩის“ ხიზრი ალდამოვის ლეგიტიმაცია მოახდინა, „იჩქერიის პრეზიდენტი“ ასლან მასხადოვი ოფიციალურად მიიღო და ცდილობდა, აფხაზეთი „ინტელიგენტი და მაღალგანათლებული“ საველე მეთაურის რუსლან გელაევის ხელით დაებრუნებინა;
- „რუსი ოკუპანტებისგან დაზარალებული, ერთ ბედქვეშ მყოფი მეგობრებიდან“  - ქართველების მოსისხლე მტრებად გადააქცია ჩეჩნები მიხეილ სააკაშვილმა გახმაურებული ლაფანყურის ოპერაციის შედეგად აჰმედ ჩატაევის და დუკვახა დოშუევის მონაწილეობით, თუმცა თავიდან პრეზიდენტი-ავანტიურისტი ტერორისტებს საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების ოფიციალურ სტატუსს აძლევდა, შესაბამის მოწმობასთან და ტაბელურ იარაღთან ერთად. ამასთან, მათი ჰეროიზაციის მიზნით, გახსნა ტელეკომპანია «ПИК»-ი, ჩამოიყვანა თბილისში საცხოვებლად ჯოხარ დუდაევის მკვრივი, ახმედ ზაკაევისგან დიდ თანხებს ღებულობდა და ჩრდილოკავკასიელი ხალხების - ჩეჩნების, ინგუშების, და ჩერქეზების - „გენოციდი“  საქართველოს პარლამენტს აღიარებინა;
- უშედეგო აღმოჩნდა პანკისის ხეობაში საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ თინა ხიდაშელის სააგიტაციო ვიზიტებიც აშშ-ის ელჩთან იან კელისთან ერთად. ისინი „უმუშევარ პანკისელ ახალგაზრდებს“ ქართულ არმიაში კარგად ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობდნენ, კერძოდ - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლას.
ვფიქრობ, საქართველოს ამჟამინდელი პლასტელინის პრეზიდენტიც - მთავარსარდელი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გამუდმებით „ამხელს“ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს  „ხელისუფლების უზურპაციაში“ და ფეთჰულა გიულენის მომხრეების „რეპრესიებში“, უარს არ იტყოდა პანკისის კარტის გათამაშებაზე, ოღონდ ეგაა - ხელი არ მიუწვდება...
ერთადერთი, რაც ისლამურ სახელმწიფოს საქართველოში ფართომასშტაბიანი მოქმედებისგან ჯერ კიდევ აკავებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაა, რომელიც ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზევ ტერორისტების დევნას მათ სრულ განადგურებამდე, თუ ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემუქრებიან.
საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 27 ნოემბერი
საქართველო, თბილისი