რელიგია
პოლიტმიტროპოლიტმა იაკობმა დახურულ შეხვედრებზე ამერიკელ „მაღალჩინოსნებთან, ვინც აშშ-ის პოლიტიკას ქმნის“, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ილაპარაკა, რომელსაც რუსეთი ემუქრება! - საქინფორმი

      საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. “ეს დიდი გარღვევა იყო!” - ასე შეაფასა აშშ-ში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილი), რომელსაც საქინფორმი დაწვრილებით აშუქებდა (იხ. რუბრიკა „რელიგია“).
როგორც მან ჟურნალისტებს ვაშინგტონიდან ჩამოფრენისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, "შეხვედრები ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ჩვენზე წარმოდგენა ჰქონდათ მხოლოდ ის, რაც იგზავნებოდა აქედან. როცა გაგვიცნეს, დაინახეს, რომ აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ეს დიდი გარღვევა იყო.
ბევრ თემაზე იყო ჩვენთა საუბრები, თუნდაც უსაფრთხოების საკითხები. ძალიან დადებითად შევაფასებდი ამ ვიზიტს და, ალბათ, სულ ცოტა ხანში ჩვენს სახელმწიფოზეც აისახება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენთვის საქართველოს ინტერესია უპირველესი. დახურული შეხვედრებიც იყო, საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
საქინფორმი აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი ადრეც პროვინციელი ქართველი პოლიტიკოსის ან კრიმინალური ავტორიტეტის სახეს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ღვთისმსახურის, მითუფრო - მაღალი იერარქის. მიტროპოლიტი და ილია მეორის ყოფილი ქორეპისკოპოსი, ის ყოველთვის ამბიციებით შეპყრობილი კარიერისტი და დემაგოგი იყო, აზრის გამოთქმისას უხეში და ხისტი კონსერვატორი, კარის ინტრიგანი და შეთქმული.
მაგრამ აშშ-ში გამგზავრებამდე მეუფე იაკობი ყოველთვის იყო რუსეთ-საქართველოს მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის მხურვალე მომხრე, ქართული ტრადიციული ულტრანაციონალური ფასეულობების მქადაგებელი, დასავლური ფასეულობების და ლგბტ-საზოგადოების და, შესაბამისად, სააკაშვილის პროდასავლური პარტია „ნაცმოძრაობის“ მტერი, რაზეც მისი ყველა ქადაგება და საჯარო გამოსვლა მეტყველებს - იხ. იუთუბი.
მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დანიშნა, ჰიპერაქტიური მეუფე იაკობი სამკვდრო-სასიცოცხლოდ განაწყენდა - ის თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მოსაყდრედ სწორედ მას დაასახელებდნენ, საიდანაც „რბილად“ გადაბრძანდებოდა პატრიარქის ტახტზე.
ამიტომ მეუფე იაკობი მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგდა - ამერიკელებს მიეყიდა და თავისი სამსახური შესთავაზა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით ამერიკისკენ და ზურგით რუსეთისკენ შებრუნება, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა საქართველოს პატრიარქად მისი დანიშვნის სანაცვლოდ!
ვაშინგტონშიც, როგორც ჩანს, დათანხმდნენ და ახალი შენაძენით - მაღალი საეკლესიო რანგის გავლენის აგენტით გაიხარეს. ეს მეუფე იაკობის მიერ აეროპორტში გაკეთებული ზემოთ მოყვანილი კომენტარმაც დაადასტურა, რომელიც სრულიად არის მოკლებული სულიერებას, როგორც სიტყვიერი ფორმით, ისე შინაარსით, რომლებიც სასულიერო პირს არ ახასიათებს.
აი, ასე გახდა მიტროპოლიტი - პოლიტმიტროპოლიტი და მქადაგებლიდან - პროპაგანდისტად გადაიქცა!
თუმცა, თუკი საქართველოში დასავლეთის ყაიდაზე ყველა მინისტრი უკვე დიდი ხანია, სპეციალისტი კი არა, პოლიტიკური ხელმძღვანელია (ძალოვან სტრუქტურებშიც კი), მაშინ რატომ არ შეიძლება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად პოლიტიკოსი დაინიშნოს „ვიწრო სპეციალისტის“ - მღვდლის ნაცვლად?!

 


საქინფორმი