უცხოეთი
იური ლუცენკო - მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ ფულის გადაცემის ვიდეომასალა, ასევე სააკაშვილ-კურჩენკოს საუბრის ჩანაწერი ნამდვილია

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორი მზად არის, დაამტკიცოს, რომ ფულის გადაცემის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, ასევე ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ სერგეი კურჩენკოს შორის საუბრის ჩანაწერი ნამდვილია.
„მზად ვართ, საქმეში ჩავრთოთ უცხოელი ექსპერტები, სკოტლანდ იარდი, რათა მათაც დაადასტურონ ჩანაწერების ავთენტურობა“, – აღნიშნა ლუცენკომ.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, სააკაშვილი, კურჩენკოს დაფინანსებით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
მისივე თქმით, მანამდე საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მიხეილ სააკაშვილის შეხედულებებს იზიარებდა, მაგრამ შემდეგ სააკაშვილმა „წითელი ხაზი გადაკვეთა“ და კანონი დაარღვია.
„ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის მან ფული მოსკოვს გამოართვა. ამას მე არასდროს შევეგუები და ჩემს პირვანდელ ადამიანურ ურთიერთობებს უკანა პლანზე გადავწევ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აცხადებს ლუცენკო.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„მე არ ვეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ქვეყანაში შეიძლება ადამიანი-აპატრიდი, მოქალაქეობის არმქონე პირი ძალით იჭრებოდეს საზღვარზე. ამას ისიც ემატება, რომ მისი თანმხლები პირები ძალას იყენებენ უკრაინელ სამხედროებზე. სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით. ამის მიუხედავად, ის გაათავისუფლეს. ვეცდები, ემოციებისგან თავი შევიკავო. დაველოდოთ აპელაციას“, – განაცხადა ლუცენკომ.
კიევის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან რადას დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდების მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.
გადაწყვეტილების სრული ტექსტი 14 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოცხადდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს.
5 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.
პროკურატურის მტკიცებით, სევერიონ დანგაძე, სააკაშვილთან შეთანხმებით, ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით დაუკავშირდა ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს და შესთავაზა სააკაშვილის მოქმედებების დაფინანსება, სანაცვლოდ კი კურჩენკოს ბიზნესინტერესების განხორციელებას დაჰპირდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეების, კერძოდ კი სერგეი კურჩენკოს თანხებით ფინანსდება, ქვეყნის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანგაძე სწორედ ასეთი ფინანსური სქემების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. „ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილისთვის კურჩენკომ ორი ტრანში უკვე განახორციელა“, – წერს უკრაინული მედია.
იური ლუცენკომ ასევე გამოქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, ასევე კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი უკრაინაში არეულობებს გეგმავენ.

1tv.ge