რელიგია
მაია გოიკოვიჩი: ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 25 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი თანმხლებ პირებთან ერთად, მათ შორის იყო სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი რადუ ბულიატოვიჩი და საქართველოს ელჩი სერბეთში, ბატონი იოსებ ნანობაშვილი.
ქალბატონმა მაია გოიკოვიჩმა საუბარში მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს კოსოვოსა და მეტოქიის აღიარებას და სერბეთიც, თავისმხრივ, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნების თანადგომა ერთმანეთისადმი.
კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.
ქალბატონმა მაია გოიკოვიჩმა მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ჩვენი ქვეყნების უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი და იმედი გამოთქვა.
რაც შეეხება ბატონი ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის საკითხს, ამ თემაზე ქალბატონმა მაიამ ცალკე საუბარში განაცხადა, რომ იგი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მიუღებელია როგორც პირადად მისთვის, ისე სერბეთის ხელისუფლებისთვის.
თავის მხრივ, სერბეთის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან მოკლევადიანი კერძო შეხვედრა პატრიარქთან; ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი.