რელიგია
ილია II - უნივერსიტეტმა გასწია ის დიდი ღვაწლიც, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას და ვერ შეასრულა

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე (08.02.2018)
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით ამ ისტორიულ დღეს და გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის დღესასწაულს.
მე მინდა, უპირველეს ყოვლისა, პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი - უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი; მან შეასრულა აქ პირველი პარაკლისი.
უნივერსიტეტი არის სახე ქართული კულტურისა, ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისა. იგი არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა.
მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც გასწია ამ სასწავლებელმა, ეს არის საოცრება, ეს არის ის დიდი ღვაწლიც, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას და ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ამიტომაც ვერ წარმოვიდგენთ ჩვენ საქართველოს კულტურულ-სულიერ ცხოვრებას ჩვენი დიდი მეცნიერების გარეშე, ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის და სხვათა გარეშე.
მე მქონდა საშუალება, დავსწრებოდი გარდაცვალებას კორნელი კეკელიძისა. იმ დროს კათალიკოს-პატრიარქად ბრძანდებოდა ეფრემ II და ეფრემ II იყო მოწაფე კორნელი კეკელიძისა. სახელი ეფრემი კორნელი კეკელიძემ აურჩია მას და ჩვენ წავედით მის სახლში და ვემთხვიეთ მის ხელს.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ 100 წლისთავს უნივერსიტეტისა. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავდა ასეთი თავდადებული პროფესორ-მასწავლებელები, არანაკლები მომავალი ექნება.
დალოცვილი იყავით რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.
დალოცვილი იყოს საქართველო, რომელსაც გააჩნია ასეთი დიდი სულიერი საუნჯე.
ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და კვლავ გილოცავთ დავით აღმაშენებლის დღეს. ამინ!