რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს ნატო არ სჭირდება, მათთან ერთად კი - მითუმეტეს!

     „სააკაშვილმა სამჯერ წერილობით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თანაც პირველად - მათ აღიარებამდე რუსეთის მიერ!“

   28 იანვარს გამოქვეყნდა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის The Heritage Foundation-ის მოხსენება „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში“ (NATO Membership for Georgia: In U.S. and European Interest), რომლის ავტორია დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი (Luke Coffey). მოხსენების პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში 8 თებერვალს გაიმართა.
     თუ ზემოხსენებული ინსტიტუტი და მოხსენების ავტორი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მართლაც ავტორიტეტით სარგებლობენ, მინდა, ღრმა თანაგრძნობა გამოვხატო ამერიკელი ხალხის მიმართ. მოხსენების 14-ვე რეკომენდაცია, რომელთაგან მე-5 გულისხმობს „საქართველოს სასწრაფოდ გაწევრიანებას ნატოში - МАР-ის გარეშე, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც“, რომლებზეც კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლები, ავტორის ჩანაფიქრით, არ უნდა გავრცელდეს - თავისი პრიმიტიულობით, დილეტანტობითა და უცოდინარობით გვაოცებს!
     „10 წელია, მესმის საქართველოს სწრაფვაზე ნატოსკენ - კრეატიული, პრაგმატული გადაწყვეტილებების დრო დადგა!“ – „ველოსიპედს იგონებს“ ლუკ კოფი, რომელსაც მანამდე საქართველო და კავკასია, ალბათ, მხოლოდ რუკაზე თუ უნახავს. სხვაგვარად ეცოდინებოდა, რომ ქართველებისთვის სოხუმი და ცხინვალი იგივეა, რაც ყარაბაღი აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის, და რომ თუ ქართველები მათ დავიწყებაზე ყაბულს იქნებოდნენ, ნატოში შესასვლელად 10 წლის ლოდინი არ დასჭირდებოდათ! ამიტომ კოფის მხრიდან გერმანიის - რომელიც ჯერ ნატოში შევიდა და შემდეგ გაერთიანდა; თურქეთის და საბერძნეთის - რომლებიც ნატოში შევიდნენ, მაგრამ კვიპროსის გამო ტერიტორიული დავა არ გადაუწყვეტიათ; და, მითუმეტეს, დიდი ბრიტანეთის პროტექტორატების - ფოლკლენდისა და ბაჰამის კუნძულების მაგალითებად მოყვანა კავკასიის ყველა ხალხის მიმართ არაკორექტული და უაღრესად არაპროფესიული იყო.
     „რაში სჭირდებათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ნატოს დაცვა, თუკი საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ განაცხადა?!“ - უკვირს ლუკ კოფის, რომელმაც არც კი იცის, რომ საქართველო უკვე 10 წელია, უარს ამბობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რადგან მიაჩნია, რომ სამართლებრივად ეს ხელშეკრულებათა მხარეებად - დამოუკიდებელ სუბიექტებად მათ აღიარებას უდრის!
მეტიც, მიამიტ კოფის არ ესმის, რომ თავისი სიტყვებით საქართველოს აგრესორად აღიარებს და, პრაქტიკულად, აცხადებს, რომ საფრთხე „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს“ მხოლოდ საქართველოსგან ემუქრება - ანუ, თუკი საქართველომ პირობა დადო, რომ მათ თავს არ დაესხმება, ესე იგი, ნატოს დაცვაც არ სჭირდებათ! თუ გავითვალისწინებთ, რომ კოფის მიერ ნახსენები „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“ საქართველოსა და რუსეთის გარდა არავის ესაზღვრება, მაშასადამე, იმავე დროს კოფი აღიარებს, რომ რუსეთისგან მათი დაცვა საჭირო არ არის - რუსეთი თვითონ, ნატოს გარეშე, საიმედოდ იცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოსგან! აი, რას ნიშნავს ლუკ კოფის ამერიკულად მიამიტური სიტყვები, სხვაგვარი ინტერპრეტაცია აქ შეუძლებელია!
   „ბიძგი მიეცეს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისკენ. სრულიად მიუღებელია, რომ თითქმის 10 წლის შემდეგ რუსეთი უწინდებურად არ იცავს მთლიანად შეთანხმებას“, - გვეუბნება მოხსენების მე-2 რეკომენდაცია, რითაც კოფი ისევ „დათვურ სამსახურს“ უწევს საქართველოს. მედვედევი-სარკოზის გეგმაზე ლუკ კოფის წარმოდგენაც არა აქვს, თორემ ეცოდინებოდა, რომ თავიდან ამ დოკუმენტის მე-6 პუნქტი ასე გამოიყურებოდა: „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსის საკითხებზე საერთაშორისო მსჯელობის დაწყება“. ანუ რუსეთისა და სარკოზისთვის მაშინ მთავარი იყო ომის შეჩერება, ხოლო „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის“ განსაზღვრის საკითხის შემდეგისთვის გადატანა და მისი კოლექტიურად - „საერთაშორისო მსჯელობის“ გზით გადაწყვეტა. მაგრამ 15 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს პუნქტი ხელმოწერის დროს ამოშალა, რასაც რუსეთი დაუყოვნებლივ დათანხმდა და მედვედევმა დოკუმენტს ხელი მეორე დღესვე - 16 აგვისტოს მოაწერა, მაგრამ 10 დღის შემდეგ, ანუ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მათი სტატუსი ერთპიროვნულად განსაზღვრა! აი, რატომ ცნო მაშინვე ნატოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა მედვედევ-სარკოზის გეგმა „მიუღებლად“, ხოლო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ის საერთოდ არ ახსენოს.
     „მიშა, რატომ გადახაზე ის მე-6 პუნქტი?!“ - გაოცებით ეკითხებოდნენ სააკაშვილს უახლოეს გარემოცვაშიც კი, რაზეც მიშა ეშმაკურად პასუხობდა: „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსის ვერანაირი განხილვა მომავალში ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია!“. და ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომელზეც უკვე არის ორი ხელმოწერა - „აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში“ და „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი“ - მათ დოკუმენტს ხელი სააკაშვილამდე ერთი დღით ადრე - 14 აგვისტოს მოაწერეს. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს - ხელმომწერთა სტატუსის და მათ მიერ მართული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას!
     თუნდაც ვივარაუდოთ, რომ პოლიგლოტ სააკაშვილს 15 აგვისტოს „შემთხვევით“ შეეშალა - შიშისგან მეტისმეტად ბევრი ჰალსტუხი შემოეჭამა ან ფრანგული ენა დაავიწყდა, რომელზეც დოკუმენტი იყო შედგენილი - მაშინ რატომ არ გამოასწორა თავისი შეცდომა 8 სექტემბერს, როდესაც სარკოზი პრეზიდენტ მედვედევთან პოდმოსკოვიეში ჩაფრინდა გადაკეთებული, ანუ „მოდიფიცირებული მედვედევ-სარკოზის გეგმის“ ხელმოსაწერად?! მეტიც - მაშინ სარკოზიმ მედვედევს სააკაშვილის წერილი გადასცა, რომელშიც ეს უკანასკნელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას იღებდა, ეს კი ნიშნავს, რომ სააკაშვილმა უკვე მეორედ აღიარა მათი დამოუკიდებლობა - ახლა უკვე რუსეთის აღიარების შემდეგ! სააკაშვილს, როგორი არანორმალურიც უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის იურისტის უკრაინული და ამერიკული სერტიფიკატები აქვს და ამიტომ არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ საერთაშორისო სამართალში ერთი ქვეყნის მიერ აღიარებაც საკმარისია. მაგრამ ნუთუ ეს ამ ახირებულმა ლუკ კოფიმ არ იცის?! ანდა იქნებ, როცა თავისი მოხსენების მე-5 რეკომენდაციაში „საქართველოს მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე“ ლაპარაკობს, მხედველობაში სააკაშვილის მიერ მედვედევისთვის მიწერილი სწორედ ის წერილი აქვს?!
   მესამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა (თანაც ისევ წერილობით!) სააკაშვილმა 2011 წლის 9 ნოემბერს აღიარა, როდესაც ხელი მოაწერა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმებას (ვითომდა, დათმობას რუსეთის მხრიდან, რომელმაც სანაცვლოდ საქართველოსგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად აუცილებელი ხმა მიიღო). „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ამიტომ საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბზე და ვერავითარი კითხვათსხვაობა აქ ვერ იქნება!“ - ცრუობდა სააკაშვილი კომპეტენტური შეკითხვების პასუხად, რის გამოც შეთანხმება დღემდე ძალაში არ შევიდა (სომხეთის ცრემლები...). შედეგად რუსეთმა მიიღო მსო-ც და შეთანხმებაც, რომლის შესაბამისად საქართველო დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზღვრების აღიარების დილემის წინაშე დგას!
     თუ სააკაშვილი რუსეთს ოკუპანტად აღიარებდა, მაშინ რატომ უწყობდა ხელს რუსული ეკონომიკის განვითარებას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესასვლელად რუსეთს ხმას აძლევდა?! გამოდის, რომ აშშ და ევროპა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უცხადებენ ყირიმის ოკუპაციის გამო, სააკაშვილი კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისთვის რუსეთს ამდიდრებდა და, მსო-ში შესასვლელად ხმის გარდა, ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა სტრატეგიულ ობიექტს ერთმანეთის მიყოლებით გადასცემდა!
     და განა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ შემოიღო ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაკანონებული ტერმინის „სამაჩაბლოს“ ნაცვლად?! „სანამ ხელისუფლებაში მე მოვიდოდი, ქართულ პოლიტიკაში ითვლებოდა, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება სრული თვითმკვლელობაა! პირველად მე გამოვიყენე ეს ტერმინი, პირველად მე შევთავაზე ღიად ოსებს ავტონომია, თუმცა ამაზე მინიშნებაც კი სახიფათო იყო, ან ითვლებოდა, რომ ეს სახიფათოა!“ - ტრაბახობს სააკაშვილი სოფიკო შევარდნაძესთან და ვიტალი დიმარსკისთან ინტერვიუში „ეხო მოსკვიზე“ ჯერ კიდევ 2007 წლის იანვარში. მაგრამ ლუკ კოფის, როგორც ჩანს, ფაქტების ელემენტარული კონსტატაციაც არ ძალუძს. მისი მოხსენების მე-14 რეკომენდაცია მეტყველებს: „შეთანხმება ეკონომიკური სანქციების პირობით პაკეტზე, რომელიც ავტომატურად შევა ძალაში აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების შემთხვევაში. აშშ-მა მკაფიოდ უნდა განუცხადოს რუსეთს, რომ ნებისმიერი განდგომილი რეგიონის ანექსია გამოიწვევს ეკონომიკური სანქციების გაძლიერებას, რომლებიც საკვანძო რუს მოხელეებზეა მიმართული“. აბა, ამის მერე „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“...
     ამ ფონზე მოხსენების მე-15 რეკომენდაცია „წინ წაიწიოს შეთანხმებამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აშშ-სა და საქართველოს შორის, თუმცა ქართული ეკონომიკა შედარებით მცირეა“ - სულ ცოტა, ცინიკურად გამოიყურება! მთელი ისტორიის განმავლობაში აშშ-ს საქართველოს ეკონომიკაში ერთი ინვესტიცია არ ჩაუდია, აქ არცერთი წარმოება არ გაუხსნია, საქართველოს მხოლოდ იარაღს ატენიდა! ამავე დროს რუსეთი, ქართული ეკონომიკის ყველა დარგში რუსული სახელმწიფო და კერძო კომპანიების ინვესტიციების გარდა, საქართველოს მეორე მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ლიდერი რუსი ტურისტების რაოდენობით და საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ჯამით! მაგრამ ის, ვინც საქართველოში რუსეთს ოკუპანტს ეძახის და გამუდმებით საყვედურობს, რომ ის ჩვენთვის სავიზო რეჟიმს არ აუქმებს, აშშ-ს მეგობარს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საბჭოთა დროში, ამერიკის ვიზის მიღება საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ახლაც შეუძლებელია! ამბობენ, რომ ურიგოდ რუსეთის ვიზის გარანტირებულად მიღებაში ყველასთვის ცნობილი „ბნელი პიროვნებები“, რომლებიც თბილისში რუსეთის საკონსულოს შენობასთან დაძრწიან, 200-300 დოლარს იღებენ, მაგრამ სხვა „საქმიანები“ ხომ ამერიკული ვიზის მიღებაში დახმარებისთვის 5, 10 და 15 ათას დოლარსაც კი ართმევენ, თუმცა შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, „აგდებენ“?!
     და უკვე სრულიად კომიკურად გამოიყურება თეზისი მოხსენების პრეამბულიდან - „ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელი იქნება ის წელი, როდესაც საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მიიღებს ნანატრ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin, რაც აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება; და მე-3 რეკომენდაცია - „საქართველოს მიეწოდოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. მართალია, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება კარგი პირველი ნაბიჯია, მაგრამ შესაძლებელია მეტი ძალისხმევა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“. წამყვანი ამერიკელი ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლუკ კოფი, რომელიც განსაკუთრებული პატივით მიიღო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როგორც ჩანს, საქმის კურსში არ არის, რომ ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიც და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიც უკვე დიდი ხანია, საქართველოშია და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას 2017 წლის 20 დეკემბრის და 2018 წლის 23 იანვრის განცხადებებით, „საიმედო ადგილას ინახება“! და ეს აშშ-ში წარმოებიდან დიდი ხნის წინ ამოღებული ნაგავი, რომელიც 100-ჯერ უფრო ძვირი და 2-ჯერ ნაკლებ ეფექტიანია, ვიდრე რუსული და თუნდაც ქართული ანალოგები РПГ-7 - ამერიკელი პარტნიორების საჩუქარი კი არა, გაღატაკებული ქართველი ხალხის ფულით შენაძენია - სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით, რომლის 2%-ის ხარჯვას ნატო და აშშ საქართველოს თავდაცვაზე აიძულებენ, 20%-ის - მათი ჩამოწერილი შეიარაღების ყიდვაზე - ვითომდა იმისთვის, რომ „რუსეთისთვის სმოუნელებელი ლუკმა გახვდეთ, სანამ ჩვენ მოგისწრებთ“, როგორც გასულ კვირას „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განმარტა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ხოჯესმა.
     (საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრეზიდენტ სააკაშვილის დროს - მინისტრები ოქრუაშვილი და კეზერაშვილი - უზარმაზარი თანხები „თეთრდებოდა“ არასაჭირო ან მოძველებული შეიარაღების ყიდვაზე, რომელიც შემდეგ ან მესამე ქვეყნებში გაყიდეს, მათ შორის - ისლამურ სახელმწიფოს მიჰყიდეს, ან 2008 წლის აგვისტოს ომს მიაწერეს. აი, რატომ აცხადებდა სააკაშვილი, რომ ის ომი მოიგო - რა თქმა უნდა, მოიგო, რადგანაც იმ ავანტიურაზე უსინდისოდ გამდიდრდა!).
     დასასრულ, არ შემიძლია, გვერდი ავუარო ლუკ კოფის მოხსენების სამ - მე-6, მე-7 და მე-8 - ფრიად უცნაურ რეკომენდაციას: „შემუშავდეს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის“; „ნატოსთან ერთად ჩატარდეს სამუშაო, რათა საქართველოში გაიხსნას შავი ზღვის უსაფრთხოების სერტიფიცირებული, მოწინავე გამოცდილების ცენტრი, რომლის პრეცედენტი არ იარსებებს“; „წინადადება მიეცეს საქართველოს, სამხედროები პოლონეთში აშშ-ის მეთაურობით მრავალეროვნულ ბატალიონში გაგზავნოს ნატოს რეაგირების ძალებში სამსახურისთვის, სადაც ჯერჯერობით არცერთ მოკავშირეს თავისი ჯარები არ გაუგზავნია“. მხოლოდ გონებრივად ძალზე ჩამორჩენილ და საქართველოსგან ძალზე შორს მდგომ ადამიანს შეუძლია, მისი მოქალაქეების გაჭირვებით ისარგებლოს და ერაყში, ავღანეთში დანაკარგების შემდეგ (32 დაღუპული, 290 დაჭრილი), ცენტრალური აფრიკისა და ბალკანეთის შემდეგ ქართველებს ახლა პოლონეთში გამგზავრებისკენ მოუწოდოს აშშ-ის მეთაურობით ნატოს რეაგირების ძალების ბატალიონში სამსახურისთვის!
რაც შეეხება ცენტრების გახსნას და შავი ზღვის სტრატეგიას: რატომ არ აქვს ასეთი ცნობილი ამერიკული ინსტიტუტის მომხსენებელს ინფორმაცია, რომ წელს საქართველოს 2011 წლიდან აქ მიმდინარე ნატოს სწავლებაში Agile Spirit საზღვაო კომპონენტი შეაქვს? და რომ თავისი საზღვაო პორტებით (რომლებსაც მალე კიდევ ერთი დაემატება) ლამის აშშ-ის ფორპოსტადაა გამოცხადებული ნატოს შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციაში? რომ საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ნატოს კიდევ ერთი საერთაშორისო სამხედრო სწავლება Noble Partner? რომ წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით საქართველომ უკვე დაიწყო თავდაცვის მზადყოფნის 3-წლიანი პროგრამა, რომელშიც ტერიტორიული დაცვის სწავლებაც შედის? რომ კრწანისში უკვე არსებული ნატო-საქართველოს სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) გარდა 2018 წლის მაისში საქართველოში გაიხსნება აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ვაზიანში - გერმანიის ხოხენფელსის ბაზის ანალოგი?
     და ყოველივე ზემოჩამოთვლილის მიუხედავად, საქართველოს არა მარტო ნატოში არ იღებენ, არამედ МАР-საც კი არ აძლევენ, იმიტომ რომ მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა! ხოლო თუ საქართველო აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შეურიგდება, რომლებისთვისაც ნატო მიუღებელია, მაშინ საქართველოს ნატო საერთოდ აღარ სჭირდება!
     რაც შეეხება კოფის განცხადებას - რომ კულუარულ საუბრებში საქართველოს ოფიციალური პირები მზად არიან კომპრომისზე ალიანსის წევრობის გულისთვის - მას მმართველი პარტია „ქართული ოცნებით“ დაკომპლექტებული ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ხელმძღვანელთა თავშეკავებულ-ნეგატიური კომენტარი მოჰყვა, ქართულმა მედიამ კი თბილისში კოფის მოხსენების პრეზენტაცია თითქმის არ გააშუქა! და პირიქით - ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი კოფის გეგმას - „ნატო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე“ - სავსებით კეთილგანწყობით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის დანიელ კოუტსის მოხსენებაში „მსოფლიო საფრთხეების შეფასება“ (Worldwide Threat Assessment) აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ჩიხში შეყვანას ცდილობს“.
     წინის წინა პარასკევს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე მიუნხენში საქართველო რეფორმების იმპლემენტაციისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ „ნატოს წევრობისთვის მისი მზადყოფნის საკითხს ალიანსის წევრი 29-ვე ქვეყანა გადაწყვეტს“. ანუ წევრობის ან თუნდაც МАР-ის შანსი ნატოს ბრიუსელის სამიტზე 2018 წლის 11-12 ივლისს საქართველოს უწინდებურად არ აქვს, იმიტომ რომ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს, ალიანსის წევრებს კი საქართველოს გამო რუსეთთან გართულებები არ სურთ. რაც შეეხება ლუკ კოფის გეგმას, სტოლტენბერგისთვის ის მიუღებელია: „ნატოში შესვლა გულისხმობს მე-5 მუხლს, ეს ალიანსის მთავარი ძალაა! ჩვენ ვეყრდნობით მიდგომას - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის! - თუმცა საქართველო, როგორც არაწევრი ქვეყანა, ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორია. ალიანსი უკვე ძალზე ძლიერად არის წარმოდგენილი საქართველოში“.
     P.S. მაშ ასე, მიუხედავად იმისა, რომ ლუკ კოფის წამოწყება ჩავარდა, ის ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა, რომელმაც აჩვენა:
     - რომ საქართველოში ნატოს წევრობის გულისთვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივის დასავიწყებლად მზად არ არიან;
     - რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს, დღემდე გვპირდებოდა საქართველოს ნატოში მალე გაწევრიანებას, ქართველ ხალხს ატყუებდა, იმიტომ რომ ალიანსი, მისიაში კონტრიბუციის მიუხედავად, სადაც ქართველი სამხედროები იღუპებიან, საქართველოს არ მიიღებს, სანამ აქ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ დაივიწყებენ და თავისი რეალურად კონტროლირებადი საზღვრების შესახებ არ აცნობებენ;
     - რომ იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საქართველო ნატოში, ნატო იქნება საქართველოში, იმიტომ რომ ეს „აშშ-ისა და ევროპის ინტერესებშია“, რაზეც საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მოხსენების სათაურიც მეტყველებს (იხ. პუბლიკაციის პრეამბულა). იმიტომ რომ სირიაში ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად მოხდება სიტუაციის დესტაბილიზაცია კავკასიაში და დაპირისპირების ხაზი „აშშ - რუსეთი“ ახლო აღმოსავლეთიდან შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლებს, რასაც აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის დანიელ კოუტსის მოხსენება მოწმობს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 1 მარტი
საქართველო, თბილისი

     P.P.S. სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის The Heritage Foundation-ის და დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის შესახებ ჩვენ კიდევ გავიგონებთ. ა.წ. მაისის ბოლოს თბილისში გაიმართება მისი მოხსენების მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს არის მისადაგებული (ცინიზმს მართლაც რომ არა აქვს საზღვრები!) და რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოს შიგნით მდგომარეობის ანალიზს ეძღვნება - პოლიტიკურ სპექტრს და სახელისუფლებო ინსტიტუტებს, საზოგადოებას, სასამართლო სისტემასა და მედიას ნატოს სტანდარტებთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით.
„სტრატეგიული გამოკვლევის“ საფუძველზე, როგორც ჩანს, ისევ მიეცემა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას, აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, აგრეთვე ნატოს ხელმძღვანელობას „საქართველოსთვის დახმარების გაწევის მიზნით“ - სხვადასხვა სეგმენტში სამუშაოების ჩატარება და ფინანსური მხარდაჭერა - კანონის უზენაესობა, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, არასამთავრობო სექტორი, დემოკრატიული განვითარება და სტაბილურობა „რუსული ოკუპაციის“ პირობებში, „რუსული პროპაგანდის“ საპირისპიროდ, და იმავე დროს - „ევროპული ღირებულებების და ევროატლანტიკური კურსის“ გასაძლიერებლად.
     კომპეტენტური წყაროების ინფორმაციით, საქართველოს შესახებ „სტრატეგიული გამოკვლევა“ ინსტიტუტ The Heritage Foundation-ის მიერ ხორციელდება აშშ-ის მთავრობის გრანტის ფარგლებში აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხაზით.