საზოგადოება
კონკრეტულ მომენტში საქართველოს მოუწევს ნატოში შესვლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე! - საქართველოში აშშ-ის ელჩი ლუკ კოფის იდეას ფასეულად და რეალისტურად მიიჩნევს

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოდან წასვლამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ალაპარაკდა და ფასეულად და „რეალისტურად“ ჩათვალა ჰერიტიჯის ფონდის წარმომადგენლის ლუკ კოფის იდეა - საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნატოს წესდების მე-5 მუხლის გაუვრცელებლობის პირობით. აი, რა უპასუხა მან 15 მარტს „რადიო თავისუფლების“ შეკითხვაზე:
მე ეს იდეა ფასეულად ჩავთვალე იმის გამო, რომ ახლებურ მიდგომას უწყობს ხელს და ის ძალიან რეალისტურადაც მიმაჩნია. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის რუსეთი. ორი ქვეყანაა (საქართველო და უკრაინა - საქინფორმი) პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს და ორივეს ტერიტორიის ნაწილი წაგლეჯილი აქვს და მათი საზღვრები დარღვეულია.
...არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა და გაწევრიანებამდე შეუდგნენ მის მოგვარებაზე ზრუნვას. ესენია: საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია. კონკრეტულ მომენტში, საქართველოს მოუწევს იმავეს გაკეთება... გერმანიის მსგავსად, საქართველომ დროებით უნდა დათმოს ერთიანობის პრინციპი. საქართველოს მოუწევს ამის წინაშე დადგომა“, - განაცხადა, კერძოდ, აშშ-ის ელჩმა.