პოლიტიკა
საქინფორმი ქართული მხარისათვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არ გადმოცემის შესაძლო მიზეზების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ექსკლუზივი

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ზეგ, ხუთშაბათს, ზუსტად ერთი თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს და მეორე დღეს, 23 თებერვალს ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაიცვალა.

გასული თვის განმავლობაში ეს ფაქტი უამრავი ვერსიითა და განცხადებით შეივსო - ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარეების, აგრეთვე აშშ-ის, ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელთა მხრიდან. საქინფორმი ამ მოვლენებს დაწვრილებით აშუქებდა, ამიტომ ახლა მათი თავიდან მოყოლის აუცილებლობა არ არსებობს.

საქინფორმი არც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე მსჯელობას აპირებს, რადგან უტყუარი ფაქტები არ გააჩნია, ხოლო რედაქციის ხელთ არსებული ინფორმაცია საკმაოდ წინააღმდეგობრივია და უამრავ შეკითხვას ბადებს. უდავოა მხოლოდ ერთი რამ - ადგილი ჰქონდა ინციდენტს და ფიზიკურ დაპირისპირებას, რისი შედეგიც სიკვდილი იყო. დანარჩენი დეტალები გამოძიების კომპეტენციაა - სხვადასხვა მედიასაშუალების, პოლიტიკანების, არასამთავრობების მსგავსად მძაფრსიუჟეტიანი ჭორების ტირაჟირება გარდაცვლილზე ქულების მოპოვების მიზნით - ამორალურია. გვამებით ვაჭრობა სააკაშვილის და მისი მეუღლე სანდრას პროფილია და არა საქინფორმის.

საქინფორმი დღეს აქვეყნებს მხოლოდ სანდო ინფორმაციას ოსური მხარის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის ესოდენ გაჭიანურებული პროცესის საალბათო მიზეზებზე, რომელიც ოსური, რუსული და სხვა წყაროებიდან მიიღო. ერთადერთი მიზნით - შეწყდეს ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაცია - როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

საქინფორმს
უფლება არ აქვს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კონფიდენციალური ინფორმაციის კომპეტენტური წყარო გაამჟღავნოს, მითუმეტეს, რომ ზოგიერთ მათგანს ინკოგნიტოდ დარჩენა სურს. ამიტომ ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ მხოლოდ განზოგადებულ დასკვნებს რედაქციის მიერ შეგროვებული განცალკევებული ფრაგმენტების საფუძველზე.

არა მგონია, ვინმემ უარყოს, რომ გარდაცვლილი შვილის ცხედრის მშობლებისთვის გადაუცემლობის ფაქტს ნებისმიერი რელიგია გმობს, ამიტომ ამან უარყოფითად იმოქმედა რუსული და ოსური მხარეების იმიჯზე. პარადოქსია - მოსკოვსა და ცხინვალში ასეთი შედეგები თავიდანვე განჭვრიტეს - მანამდე, სანამ ამით სპეკულირებას დაიწყებდნენ თბილისში (ოპოზიცია და პრეზიდენტი მარგველაშვილი), ვაშინგტონში, ლონდონში, ბრიუსელსა და სტრასბურგში. მაგრამ არასასურველი შედეგების თავიდან აცილება ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო.

საქინფორმი ადასტურებს, რომ ერთ თვეზე გაწელილი პროცესის მიზეზები წმინდად პოლიტიკურია, საგანგებოდ არის პროვოცირებული უმარტივესი პიარტექნოლოგიებით და არ უკავშირდება საგულდაგულო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას.

საქინფორმის ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ისედაც არცთუ უღრუბლო ურთიერთობა უფრო გაართულა. მოსკოვში უკმაყოფილოები არიან, რომ ცხინვალის გამო ვერ შეასრულეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ექსკლუზიური თხოვნები, თანაც - ზედ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინ. თუმცა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართველი პრემიერისადმი მიმართულ პასუხში ეს ინტერპრეტირებული იქნა, როგორც „დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენულ საქმეებში ჩაურევლობა - აბა, მოსკოვი ყველას გასაგონად თავის მართლებას და ცხინვალზე ჩივილს ხომ არ დაიწყებდა?!

ყველაზე საინტერესოა, რომ თავად ანატოლი ბიბილოვიც მოხარული იქნებოდა, რაც შეიძლება მალე გადაეცა ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარისათვის, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია ოსი საზოგადოების საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც მისი პოლიტიკური ოპონენტების მიერ არის ორგანიზებული. ბიბილოვი შეცდა, როცა დრო დაკარგა და ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის პროცედურა მაშინვე არ ჩაატარა საიდუმლო რეჟიმში - რუსი მესაზღვრეების დახმარებით, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მედიის გარეშე. ქართული მხარე მის ნებისმიერ პირობას დათანხმდებოდა.

დრო დაიკარგა და ამით მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ისარგებლეს, რომლებმაც ამის თაობაზე აჟიოტაჟი ატეხეს და საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს ოსი საზოგადოების ცნობილი სახეების - ინტელიგენციის, ვეტერანების და გავლენიანი ოსური გვარების წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით. ყოველი „გადაცილებული დღე“ ხომ უარყოფითად აისახება ბიბილოვის იმიჯსა და რეიტინგზე, ანუ ხელს აძლევს მის არაკეთილმოსურნეებს. უკვე მიტინგების მერე ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა კი ბიბილოვისთვის საკუთარი ხელით პოლიტიკური საფლავის გათხრას ნიშნავდა.

რუსეთში ოსური წარმომავლობის სხვადასხვა ავანტიურისტის აქტიურობა, რომლებიც „ამ საქმის თავისი არხებით მოგვარებას“ და ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, ასევე არ მეტყველებს რუსეთის და ცხინვალის ხელმძღვანელობის სასარგებლოდ. გამოდის, რომ ისინი სიტუაციას ვერ აკონტროლებენ და უძლური არიან, გააკეთონ ის, რაც სხვადასხვა „ბლატნოი“ ხალხს შეუძლია, ანუ სამხრეთ ოსეთი, რომელსაც რუსეთი მეურვეობს - რესპუბლიკა კი არა, „მალინაა“. თან გამოსასყიდზე თბილისშიც არ დათანხმდებოდნენ - ფინანსურ კომპენსაციაზე ლაპარაკი უადგილოა, უფრო სარწმუნოდ გამოიყურება ტატუნაშვილის ცხედრის გაცვლა ქართული მხარის მიერ დაკავებულ „ოს დივერსანტებზე“ ან 08.08.08. ომის წინ, ომის დროს და შემდეგ დაკარგული ოსების გვამებზე, თუკი ასეთები საქართველოში მოიპოვება.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ან საკითხზე ერთიანი აზრი არა მარტო ცხინვალში, არამედ მოსკოვშიც არ არსებობს. ბიბილოვის ყველა მტერი ცხინვალში, რომლებიც თანმიმდევრულად ეწევიან მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას, ერთად აღებული მისთვის ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ვლადისლავ სურკოვის - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კურატორის - უკმაყოფილება.

ბიბილოვი სურკოვს ჯერ კიდევ „საპრეზიდენტო“ არჩევნებიდან არ ესიმპათიურება, იმიტომ რომ სურკოვს სამხრეთ ოსეთის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე საკუთარი აზრი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ბიბილოვი სურკოვის კაცი არ იყო, მან შემდგომში ამ უკანასკნელის უკმაყოფილება იმით გამოიწვია, რომ არჩევის შემდეგ წინამორბედივით „მოსახერხებელი“ ფიგურა არ აღმოჩნდა. ლეონიდ თიბილოვის დროს ვლადისლავ სურკოვის უსაზღვრო გავლენა ანატოლი ბიბილოვმა უნებლიეთ შეზღუდა. გენერალ-ლეიტენანტმა ბიბილოვმა ადმინისტრაციაში სამხედრო ყაიდაზე წესრიგი დაამყარა, მათ შორის - რუსეთის ფინანსური დახმარების მიზნობრივი განაწილება გამჭვირვალე გახადა, რითაც სურკოვს, რომელიც გავლენის უმნიშვნელოვანეს ბერკეტს კარგავდა, დისკომფორტი შეუქმნა და თავმოყვარეობა შეულახა. ამიტომ ყველაფერი, რაც ბიბილოვის იმიჯსა და რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს, სურკოვის ინტერესებში შედის, რომელსაც, დიდი ალბათობით, ბიბილოვის სასწრაფოდ შეცვლა უნდა.

ასე მოხდა ტატუნაშვილის შემთხვევაშიც: სურკოვმა განკარგულება გასცა, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე ცხედარი ქართული მხარისთვის არ გადაეცათ, ამავე დროს კი, როგორც ზოგიერთი რუსული წყარო მოწმობს, შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, რომ ბიბილოვი რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წინაშე წარმოეჩინა, როგორც „სუსტი ლიდერი, რომელიც რუსეთს პრობლემებს უქმნის და ელექტორატში პოპულარობას კარგავს“. მაგრამ საქართველოში ამ „სამზარეულოში“ ჩახედული არ იყვნენ, პროვოკაციას წამოეგნენ და ხელაღებით ყველაფერში „რუსი ოკუპანტები“ დაადანაშაულეს, რაც ასევე სურკოვის ინტერესებში შედის, რომელიც კულუარულ საუბრებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის თავად იდეის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს და ამტკიცებს, რომ საქართველო - არასაიმედო პარტნიორია.

ქართველებს კი გასაგებად მიანიშნეს, რომ ცხინვალში ყველაფერს მხოლოდ ოსები განაგებენ, ამიტომ თბილისში რუსეთთან, აშშ-სთან, ნატოსთან, ევროკავშირთან ჩივილის უაზრო მცდელობები უნდა შეწყვიტონ და საქმე მხოლოდ მათთან იქონიონ.

საქინფორმი