სამართალი
პრემიერისა და ჩვენი გუნდის პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა - არჩილ თალაკვაძე

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავდნენ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს რეგიონში ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მზარდი ტურიზმი.
პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მოუტანა მშვიდობა და სტაბილურობა. მოუტანა ის, რომ საქართველო დღეს რეგიონში არის ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფო, რომელსაც განუხრელად აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელსაც აქვს მზარდი ტურიზმი და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორებიც, რომელიც დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადება პირდაპირ, ერთ-ერთში თანხმობაშია ამ ღირებულებით სისტემასთან და მისწრფებებთან. პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით გამოხატა თითოეული მოქალაქის სურვილი, იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, ჰქონდეს მშვიდობიანი, პროგნოზირებადი მომავალი და საქართველო არ ჩაერთოს ისეთ პროვოკაციაში, რომელმაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს დესტაბილიზაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, რომ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საკითხს უკავშირდება, ჩაიწეროს დავით ბაშარულის საქმეც.
რაც შეეხება ოთხოზორიას შემთხვევას, მე დამატებით გთავაზობთ, რომ ჩვენს რეზოლუციაში ავსახოთ დავით ბაშარულის შემთხვევაც, ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც 2014 წელს გაუჩინარდა და ითვლებოდა თვეების განმავლობაში გაუჩინარებულად. შემდეგ მისი ცხედარი იქნა აღმოჩენილი, გამოძიებას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული მონაცემები. ვფიქრობ, უპრიანი იქნება, რომ ამ რეზოლუციაში არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სახელების გვედით იყოს მითითებული დავით ბაშარულიც. გიგა ოთხოზორიასთან მიმართებაში საქართველოს მართლმსაჯულებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარებულიყო. როგორც იცით, მკვლელობაში ბრალდებული პირი გასამართლდა და პასუხისგებაში მიცემული. მის მიმართ მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელება ვერ ხერხდება იმ მიზეზის გამო, რომ ამას ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტში ეს საკითხი გათვალისწინებული არ იქნება.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს ამაზე მინდა გითხრათ ჩემი პოზიცია. როგორც იცით, განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამოეხმაურა არაერთ ჩვენი პარტნიორი, აშშ-ის ადმინისტრაცია და ელჩი, ასევე ნატოს გენმდივანი. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ამ განცხადებებში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები და ის ფორმატები, რომელსაც საქართველო იყენებს ამ კონფლიქტთან მიმართებაში, ცალსახად შეფასებული იყო დადებითად... ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კამათი ამ თემაზე მომავალში შეიძლება ჩვენ გვქონდეს, რადგან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ რეზოლუციაში ჩვენი პოზიციაა, რომ ვერ და არ მოხდება ამ საკითხით გათვალისწინება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.