რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

     საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში",- ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ცალკე წერილი გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს, თქვენთან ერთად ვგლოვობთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე",- ნათქვამია ილია მეორის წერილში.


საქინფორმი