პუბლიკაციები
თბილისში ორი ველოსიპედისტი იყო - კამო ტერ-პეტროსიანი და მიხო სააკიანი: საქინფორმის მიმართვა კახი კალაძეს დედაქალაქის გენგეგმის მავნებლურ პროექტთან დაკავშირებით

     ბატონო კახი!
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში „ბროუნის მოძრაობის“ ფონზე თქვენ, თბილისის ახალი მერი, თბილისელების იმედის უკანასკნელ კუნძულად რჩებით. თქვენ ყურად იღეთ ქალაქელების აზრი და კომპანია City Park-თან კონტრაქტი გაწყვიტეთ, და თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა, მათი უზარმაზარი მადლიერება დაიმსახურეთ.

დღეს უკვე კომპანია City Institute-ს თაობაზე მოგმართავთ, რომელსაც ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში უნდა ჩაებარებინა თბილისის გენგეგმა, რისთვისაც 2015 წლიდან დღემდე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თბილისელები, რომლებიც საქინფორმის რედაქციაში მოდიან და რეკავენ, მადლობას გიხდიან, რომ დახარჯული უზარმაზარი თანხის მიუხედავად, მათი პროექტი არ მიიღეთ და შეცდომების გამოსასწორებლად დრო ამ წლის 1 ივნისამდე მიეცით.

ბატონო კახი!
ჩვენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტს დეტალურად არ ვიცნობთ, მაგრამ ის, რაც თბილისელებმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროვნული ბიბლიოთეკიდან, ამ პროექტის ხელმძღვანელისგან მოისმინეს, უკიდურეს აღშფოთებას იწვევს.
როგორც ცნობილი გახდა, „ჭავჭავაძის და სხვა გამზირებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიორიტეტი - ჯერ ფეხით მოსიარულეები, შემდეგ - ველოსიპედისტები, შემდეგ - ავტობუსები და ბოლოს - პირადი ავტოტრანსპორტი“: „ერთ ზოლს მივცემთ, როგორც უნდათ, იარონ, თუ არა და - ავტომობილები გააჩერონ!“ - განაცხადა გენგეგმის პროექტის ავტორმა.

რით შეიძლება აიხსნას ეს განცხადება, თუ არა სააკაშვილის დაბრუნების მიზნით მოსახლეობის უკმაყოფილების გამოწვევის სურვილით? რისთვის უნდა მოეწყოს ველობილიკები თბილისის რამდენიმე გამზირზე, თუკი მათი სხვა ქუჩებზე გაგრძელება შეუძლებელია და თუკი თბილისში სულ ორი ველოსიპედისტი იყო - კამო ტერ პეტროსიანი და მიხო სააკიანი, დღეს კი ორივე აქედან შორს არის?! პირიქით, თბილისელები თქვენგან მოელიან, რომ პეკინის გამზირიდან მოაშორებთ ველობილიკებს, რომელთა გამო პარკირების ზოლი გაუქმდა, და იქ ორმხრივ მოძრაობას აღადგენთ!

ასეთივე შეცდომაა - ზოლი ავტობუსებისთვის გამზირებზე, რომელიც, ძირითადად, ცარიელია, თუმცა გვერდით საცობებია, ავტობუსები კი დანარჩენ ტრანსპორტთან მაინც გადაიკვეთებიან გზაჯვარედინებზე და სხვა ქუჩებზე.

ბატონო კახი!
არ მისცეთ ნება, საქართველოს დედაქალაქი ქალაქის ტიპის ერთქუჩიან დაბად გადააქციონ! ხოლო თუ პროექტს ვერ გადააკეთებენ - ფული დააბრუნონ!

საქინფორმი
2018 წლის 4 აპრილი
საქართველო, ბილისი