პუბლიკაციები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა უწყების თანამშრომლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ოში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ვაკის პარკში ტრადიციულად შეიკრიბნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს 9 მაისი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა. ვეტერანებთან შესახვედრად და ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად ვაკის პარკში იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წლის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა.

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უდიდესი პატივია ეს შესაძლებლობა - მოგილოცოთ ყველას გამარჯვების დღე! უდიდესი მადლიერების გრძნობით, უდიდესი პატივისცემით, ქედის მოხრით ყველა თქვენგანის გმირობის წინაშე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ გამარჯვების დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, თქვენი ოჯახების ბედნიერებას, საქართველოს გაბრწყინებას! ღმერთს შევთხოვ, რომ ყველა ჩვენგანი თქვენი ღვაწლის, თქვენი გმირობის და თქვენი განვლილი გზის ღირსი გაგვხადოს - ჩვენი ცხოვრებით და ჩვენს მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმით. ღმერთმა გადღეგრძელოთ, გილოცავთ გამარჯვების დღეს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახები 300 ლარით დასაჩუქრდნენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს - მოსახლეობასთან შეფარდებით პროცენტული მაჩვენებელი დაღუპული ჯარისკაცებისა, უპრეცედენტოა - ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქერჩთან - 120 ათასი ქართველი დაიღუპა.700 ათასი ქართველიდან 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164- გმირის წოდება მიენიჭა.
დღესდღეობით საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი ცხოვრობს.