პუბლიკაციები
რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა - ზურაბ აბაშიძე

     რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პირველ არხს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტს ხელი გუშინ მოეწერა. შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.
ქართულმა მხარემ დოკუმენტს ხელი გასული წლის დეკემბერში მოაწერა და მას შემდეგ რუსული მხარისგან იმავეს ითხოვდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ერთგვარი წინაპირობაა იმისთვის, რომ 24 მაისს პრაღაში დანიშნულ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე კონკრეტული მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას.
კონკრეტული შედეგები გვექნება. ის, რომ რუსეთის მხარემ ხელი მოაწერა ამ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან, უკვე შედეგია. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ჩატარება და ამ თემაზე მსჯელობა. ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. იმედი გვაქვს, რუსული მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამაზე ვიმსჯელებთ, მოვისმენთ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ჩამოვყალიბდებით. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ქართულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეთანხმებისა და პროექტის რეალიზაციას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.