პოლიტიკა
„უკვდავი პოლკის“ პროექტი საქართველოში სამარცხვინოდ ჩავარდა! - საქინფორმის ექსკლუზიური ინტერვიუ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან გულბაათ რცხილაძესთან

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. სტატისტიკა, ციფრები... ზოგჯერ ისინი უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე რომანი „ომი და მშვიდობა“. ადრე ისინი მილიონები, ათეულობით მილიონი იყვნენ - ცოცხლები და დაღუპულები, მაგრამ ვერდამარცხებულები! დღეს უკვე ასეულებზე ვლაპარაკობთ, მაგალითად, საქართველოში ისინი 676 დარჩნენ... ცოცხლობს თუ არა საქართველოში დიდ სამამულო ომში გამარჯვების ხსოვნა და რას აკეთებს ამისთვის რუსეთი? - ამ თემებზე კომენტარის გაკეთება ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტმა ევრაზიის ინსტიტუტის (საქართველო) ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძეს სთხოვა.

- ბატონო გულბაათ, თქვენი შეფასებით, როგორ უფრთხილდებიან დიადი გამარჯვების ხსოვნას საქართველოში?

- სამწუხაროდ, დიდ სამამულო ომში გამარჯვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის ხსოვნა საკმაოდ სწრაფი ტემპით უფერულდება, თანაც - არა მხოლოდ საქართველოში. 1945 წლის გამარჯვება იყო საბჭოთა კავშირის ყველა ხალხისთვის, მთელი ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის! პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ ერთიანობის მომენტს ივიწყებენ, პრაქტიკულად ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქცენტს თავის ნაციონალისტურ მითოლოგემებზე აკეთებს, თითქოს 1941-1945 წლების ომი ცალკე აღებული ხალხების ომი იყო აბსტრაქტული მტრის წინააღმდეგ. ბევრ რესპუბლიკაში აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკა - სწორედ ის, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ნაციმზე გამარჯვების ისტორიასთან. მაგალითად, ბელარუსში ეს ასე არ არის, სამაგიეროდ იქ, ხელისუფლების მითითებით, უარი თქვეს გამარჯვების შედარებით ახალი სიმბოლოს - წმინდა გიორგის ბაფთის გამოყენებაზე. თავისთავად ბაფთას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ის, რომ წმინდა გიორგის ბაფთაზე ამგვარად უარის თქმით სინამდვილეში 9 მაისის ზეიმის რუსულ ნიმუშს ჩამოშორდნენ. გამარჯვების სიმბოლიკის ასეთი განსხვავებული აღქმა აუცილებლად გავრცელდება (იქ, სადაც ჯერ არ გავრცელებულა) დიდი სამამულო ომის აღქმის შინაარსობრივ ნაწილზეც ამა თუ იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

დედამიწაზე ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფო (ჯერ კიდევ) იცავს დიდი სამამულო ომის ხსოვნას ჭეშმარიტი ინტერნაციონალიზმის კონტექსტში („ჩვენი საერთო გამარჯვება“) - რუსეთია. ამასთან, დიდი სამამულო ომის ისტორია მოსკოვის იდეოლოგიური გამაერთიანებელი პროექტიც გახლავთ. რუსეთის სახელმწიფო სახსრებს გამოჰყოფს საზღვარგარეთ საძმო საფლავების კეთილმოწყობისთვის, ხანგამოშვებით ყურადღებას ამჟღავნებს ხანდაზმული ვეტერანების მიმართ, რუსეთის პრეზიდენტი მისალოც ტელეგრამებს უგზავნის თავის კოლეგებს და მეზობელი სახელმწიფოების - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს... მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, 9 მაისის დღესასწაული თანდათან წმინდა რუსეთულ ზეიმად გადაიქცევა, რუსეთის საზღვრებს გარეთ კი - წმინდა რუსულ ზეიმად. და ეს ძალზე სამწუხარო და შემაშფოთებელია.


- რას გულისხმობთ? „უკვდავი პოლკის“ მსვლელობები ხომ მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართა? განა ეს არ აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი ხალხი რუსეთთან სოლიდარულია?

- სულაც არა! უფრო - პირიქით. მსოფლიოს ქალაქებში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობებში ძირითადად რუსულენოვანი მოქალაქეები მონაწილეობენ - ყოფილი სსრკ-დან. მაგალითად, ბათუმში ასეთი „მსვლელობის“ ორგანიზატორები გამვლელებს აჩერებდნენ, ფრონტელების პორტრეტებს ხელში აჩეჩებდნენ და ასე ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ. ანუ „მსვლელობა“, რომელიც ერთი ათეული დაინტერესებული ადამიანისგან შედგებოდა, მიზნად ისახავდა მოსკოველი ფუნქციონერების შეცდომაში შეყვანას, რომლებმაც დაუკვეთეს საქართველოში რუსული ნიმუშით „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის ორგანიზება. თბილისში, ყოფილ გამარჯვების პარკში, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ვაკის პარკი დაერქვა, რამდენიმე რუსულენოვანი მოქალაქე შეიკრიბა პორტრეტებით ხელში. მაგრამ მოსკოვში ესეც რეგისტრირებულია, როგორც „“უკვდავი პოლკის“ მსვლელობა“. მეტსაც გეტყვით, „ქართული „უკვდავი პოლკის““ ორგანიზატორებმა მოსკოვს უპატაკეს, რომ „მსვლელობა“ წარმატებით გაიმართა საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში - გორში. იქ კი ასეთი „მსვლელობის“ შესახებ საერთოდ არაფერი სმენიათ.

- თუ შეიძლება, უფრო დეტალურად - რასთან გვაქვს საქმე? საქინფორმს არაერთხელ გამოუქვეყნებია მასალები კორუფციის თემაზე ვინმე ლიკა ზახაროვას მონაწილეობით, რომელიც „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელიცაა. ამ სიტუაციაზე რაიმე კომენტარს გააკეთებთ?

- რასთან თუ ვისთან, დაე, მკითხველმა განსაჯოს. ვითარება კი ასეთია: თქვენ მიერ ხსენებული პერსონა გასულ წლებში ჩემთან ევრაზიის ინსტიტუტის ოფისში მოვიდა, თანამშრომლობა და, როგორც იტყვიან, „სახლებით მეგობრობა“ მთხოვა. ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან რუს ადამიანებთან, მითუმეტეს - პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ურთიერთობა ყოველთვის მიხარია. დავთანხმდი კიდეც, რომ ევრაზიის ინსტიტუტი ზახაროვას მიერ შექმნილ ე.წ. „ანტიფაშისტურ კოალიციაში“ შევიდოდა, თუმცა ვიცოდი, რომ „კოალიცია“ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და მის უკან რეალური ძალა არ დგას. მაგრამ ზახაროვას მის „კოალიციასთან“ ერთად ცივად მას შემდეგ ვეპყრობი, რაც მან, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი მოქალაქეობრივი ვალის შესრულებაზე.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- ცხადია, გახსოვთ, რომ სამი-ოთხი წლის წინ ტელეარხ „რუსთავი-2“-ის წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, მთელ რუს ხალხს, მაპატიეთ, რომ გავიმეორებ! - „ღორები“ უწოდა მათ. არც ამ არარაობა „ჟურნალიუგამ“, არც მისმა „კანტორამ“ ბოდიში არ მოიხადეს საზოგადოების წინაშე საერთოდ და, კერძოდ, საქართველოს რუსული თემის წინაშე. მე მტკიცედ გადავწყვიტე, მეჩივლა ამ ტელეარხისთვის და ამის შესახებ ქალბატონ ლიკას ვუთხარი. შევთავაზე, რომ მას, როგორც ეროვნებით რუსს, სარჩელი შეეტანა ობოლაძის და „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ, მე კი იურიდიულ და ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ მხარდაჭერას გავუწევდი. მან გაბედულად აიტაცა ეს იდეა, თითქოს ადვოკატსაც დაუკავშირდა, დაიწყო სარჩელის მომზადება, მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა! მე რუსული თემის წარმომადგენელი არ გახლავართ, თორემ თვითონ მივმართავდი სასამართლოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსების პატივი და ღირსება საქართველოში რუსული თემის წარმომადგენელმა უნდა დაიცვას. სამწუხაროდ, ზახაროვამ ეს პროცესი გააჯანჯლა და, საბოლოოდ, სარჩელი სასამართლოში შეტანილი არ იქნა.

- თქვენი აზრით, რატომ მიანდეს სწორედ მას ისეთი საპასუხისმგებლო ღონისძიების ჩატარება, როგორიც უკვდავი პოლკისმსვლელობაა?

- 2016 წლის დამლევს მოსკოვში, ფონდ „რუსკი მირ“-ის საიუბილეო ღონისძიებაზე „უკვდავი პოლკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ნიკოლაი ზემცოვმა კულუარებში უთხრა ჰიპერაქტიურ ქალბატონ ზახაროვას, რომელმაც სული ამოხადა თხოვნით, საქართველოში „უკვდავი პოლკი“ ჩაეტარებინა: „ლიკა, შენ რუსი ხარ, შენ არ მჭირდები! საქართველოში „უკვდავი პოლკის“ საქმე ქართველებმა უნდა აკეთონ, ნამდვილმა ქართველებმა, ისეთებმა, როგორიც ის არის!“ - და ჩემზე მიუთითა. მე გავიცინე და ზემცოვს ვუთხარი, რომ ისიც რაღაცით ჰგავდა ქართველს, იცინოდა ქალბატონი ლიკაც...

ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მაგრამ, როგორც ჩანს, უნებლიედ „ვიღაცის მათლაფაში ჩავდგი ფეხი“. ჩემს ზურგს უკან დაიწყეს ბოროტი ჭორების გავრცელება, შეეცადნენ რეგიონული წარმომადგენლების გადაბირებას ორგანიზაციიდან, რომელსაც ვხელმძღვანელობ - ფულს დაჰპირდნენ - აქაოდა, გულბაათს „გაუმჭვირვალე“ ბუღალტერია აქვს, ჩვენ კი გადაგიხდით და ფინანსები „გამჭვირვალე“ იქნებაო!.. ამ ყველაფერს ირონიით მოვეკიდე, ჩვენი ორგანიზაციის დატოტვილი ქსელიდან მე ინფორმაციას ვიღებდი როგორც საქართველოდან, ისე მოსკოვიდან, მაგრამ თავი ისე მეჭირა, ვითომ არაფერი ვიცოდი - უბრალოდ, მაინტერესებდა, როდის დამთავრდებოდა ეს იდიოტიზმი. მაგრამ იდიოტიზმი არ დამთავრდა და „ქალური სოლიდარობის“ მეშვეობით მოსკოვშიც გავრცელდა. არცთუ უჭკუო კაცმა - დეპუტატმა ზემცოვმა - თავი მოიტყუა და ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და როგორ მოახდინა მასზე გავლენა, იქნებ მომავალში ვთქვა... ფაქტი ის არის, რომ „უკვდავი პოლკის“ პროექტი საქართველოში სამარცხვინოდ ჩავარდა!

არადა, ზემცოვს უნდოდა, რომ „უკვდავი პოლკის“ იდეა ადაპტირებული ყოფილიყო ქართულ რეალიებთან, დამყარებულიყო კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ა. შ. ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სააკაშვილისაგან მხოლოდ 2011 წელს მიიღო და რომელიც გაუგებარია, საიდან და რა მიზნით ჩამოვიდა, ცხადია, ასეთ ამოცანებს ვერ განახორციელებდა. ქართული ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს შორის მას არავინ იცნობს და არც არავის სურს, რომ იცნობდეს. მაქსიმუმი, რაზეც მან „გაქაჩვა“ მოახერხა, ერთ ქართველ მეორეხარისხოვან დეპუტატ ქალთან დამეგობრება იყო...

“უკვდავი პოლკის“ რუსული ვარიანტის კოპირების მცდელობის ნაცვლად საჭირო იყო საქმისადმი სულ სხვაგვარი მიდგომა. უკვე გითხარით - რამდენად დაშორდნენ რუსეთს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის, საქართველო დიდი სამამულო ომის აღქმაში. ამიტომაც არ იყო საჭირო “უკვდავი პოლკის“ კოპირება. მე ზემცოვს ცოტა განსხვავებული დასახელება შევთავაზე - სიტყვა „პოლკის“ ნაცვლად, რომელიც ქართულად და რუსულად ერთნაირად ჟღერს, გამოგვეყენებინა სიტყვა „ლაშქარი“ – „საქართველოს უკვდავი ჯარი“. აქცენტი უნდა გაკეთებულიყო აგრეთვე რელიგიურ თემატიკაზე - რუსების და ჩვენი რწმენის ერთიანობაზე, საქართველოსა და მოსკოვის საერთო მფარველზე - წმინდა გიორგიზე და ა. შ. მას იდეა მოეწონა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ჩანასახშივე ჩაკლა „უკვდავი პოლკის“ ქართული ანალოგის იდეა.

მკითხველს ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: პრეტენზია არ მაქვს რაიმე თანამდებობაზე ან რუსეთის მხრიდან დაფინანსებაზე, და მონაწილეობას არ მივიღებ „საქართველოს უკვდავი პოლკის“ ტიპის ავანტიურებში, თუნდაც ზახაროვა მორიგი ჩავარდნის შედეგად გააგდონ! როგორც ბ-ნი ქარქუსოვი გააგდეს ე. პრიმაკოვის სახელობის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდიდან მას შემდეგ, რაც ევრაზიის ინსტიტუტმა ღია წერილით (ჩვენ ყოველთვის ღიად ვმუშაობთ) ყურადღება მიაქცევინა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომ ეს, მთლიანობაში ნიჭიერი, ადამიანი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. სხვათა შორის, მივესალმები მის ადგილზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას. დიმიტრის კარგი რეპუტაცია აქვს საზოგადოებაში და საჭირო კავშირები პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ის არის ადამიანი, რომელიც ახლოსაა ხალხთან და უწესიერესი პიროვნებაა.

- ევრაზიის ინსტიტუტს სამომავლოდ რა გეგმები აქვს?

- მიმაჩნია, რომ თავისი ძირითადი ამოცანა ევრაზიის ინსტიტუტმა უკვე შეასრულა. სწორედ ჩვენი ძალისხმევით გაიხსნა „ფრონტი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ველზე, შემდეგ საქართველოში ევრაზიული მიმართულების კიდევ რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოჩნდა. 2009 წლიდან ვებრძვით რუსოფობიას, რომელსაც „სააკაშისტები“ ნერგავენ (პირადად მე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ვსწავლობ და ამ თემაზე მასალებს ჯერ კიდევ 1999 წლიდან ვაქვეყნებ). 2013 წელს პირველად მოვაწყვეთ ქართულ-რუსული ურთიერთობის განხილვა, რომელშიც ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის თითქმის მთელი „ნაღები“ მონაწილეობდა. ამ ღონიძიებამ აფეთქებული ბომბის ეფექტი მოახდინა! ასევე პირველად გავუკეთეთ ორგანიზება ქუჩის ახალგაზრდულ აქციას ნატოს წინააღმდეგ. ჩვენი შრომა იმით დაჯილდოვდა, რომ საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან დაახლოების პრიორიტეტის აუცილებლობის სასარგებლოდ შეიცვალა.

ეს მიღწევა ყველანაირად უნდა დავიცვათ, მაგრამ ჩვენი რესურსები შეზღუდულია. მინდა, რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა იცოდნენ, რომ რუსი ჯარისკაცები აჭარისა და სამცხის გათავისუფლებისთვის ღვრიდნენ სისხლს, რომ საქართველო - არა მარტო ზღვა, მზე, ღვინო და ხაჭაპურია, არამედ ჩვენს ხალხებს შორის დიდი მეგობრობის ცოცხალი მოწმე! ამიტომ ვისურვებდი, ტურისტულ მაშრუტებში ჩართონ სამახსოვრო ისტორიული ადგილები, ზოგიერთი საძმო სასაფლაოს ჩათვლით. მაგრამ ცალმხრივი მეგობრობა არ გამოვა, ორივე მხრიდან ნაბიჯებია საჭირო. უკვე მრავალი წელია, სოფელ ციხისძირში (აჭარა) ყოფილი დიდი სამხედრო სასაფლაოს კეთილმოწყობაში დახმარებას მპირდებიან, ადგილობრივი აქტივისტებიც უაღრესად მოტივირებული არიან, მაგრამ რაკი ორმხრივი სურვილი არ არსებობს, ჩვენც მხოლოდ მიმდინარე საქმეებს მივხედავთ.

- მადლობას გიხდით, ბატონო გულბაათ, ასეთი გულახდილი ინტერვიუსთვის.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2018 წლის 22 მაისი
საქართველო, თბილისი