საზოგადოება
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლურ პოლიტიკას ახორციელებს - ლინდსი გრემი

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში კონგრესმენებთან შეხვედრებით დასრულდა.

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გამოითქვა სურვილი, აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის დონე შესაბამისობაში მოვიდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობასთან, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს.

სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მის მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ გამოწვევებს. ლინდსი გრემმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისი განცხადებით, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის სენატის მხრიდან, რაც აქამდეც არაერთხელ იყო გამოხატული, როგორც რეზოლუციებში, ასევეკონსოლიდირებულ აქტში საქართველოს მხარდამჭერი დებულებებით. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.