პოლიტიკა
ქართული კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა! - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ამერიკა აღმოაჩინა“

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. „დღეს საქართველო აღარ არის გზაგასაყარზე. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაზე – პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელიგანაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიური კონფერენციის გახსნა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტ ნენსი ლინდბორგს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს, ასევე Heritage Foundation-ის წარმომადგენლებს შეხვედრის მასპინძლობისთვის.

პრემიერმა თავის გამოსვლაში საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ისტორიასა და მის დასავლურ არჩევანზე ილაპარაკა.

ჩვენ ისტორიის ზღურბლზე ვიმყოფებით. ისტორია ქართველთა მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით და ამ ისტორიის გმირები სწორედ ქართველები არიან. 100 წლის წინ, მაისში საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ. ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყნის გარშემო მძვინვარებდა მღელვარება, რევოლუცია და სამოქალაქო ომი, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით დიდი ძალები ასაზრდოებდა. იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი წინაპრები შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება კიდევ მეტი ხნით გადაიდებოდა, თითქმის 75 წლით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სულ რაღაც 3 წელიწადში სახელმწიფოებრიობის დაბრუნების შემდეგ წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და მართალია, დროებით, მაგრამ მაინც წაგვართვა დამოუკიდებლობა. ამის მიუხედავად, საქართველოს არასდროს უღალატია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ოცნებისთვის.

ეს ინსტინქტები ჩვენს გენეტიკურ კოდშია გამჯდარი. აქ შეიძლება ვახსენოთ 1991 წელს დაბრუნებული სახელმწიფო დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამოცდილების ფესვები ბევრად ადრე, საუკუნეებში უნდა ვეძებოთ. როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ გარშემო მყოფთ, მაგრამ, ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 100 წლის წინ საქართველომ სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გზა დასავლეთს და დღეს ის აღარ არის გზაგასაყარზე, საქართველოს კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით.

ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმიდემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. ვამაყობთ, რომ ვართ ტრანსატლანტიკური საზოგადოების პროდუქტიული წევრი ქვეყანა და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდი ზრდა გველის“, – დაასკვნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქინფორმი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში გამოსვლის თითოეული ფრაზა იმდენად „სენსაციურია“, იმდენად „თავდაყირა აყენებს“ საქართველოს მთელ ისტორიას, რომ თავისი „მეცნიერული ღირებულებით“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენას თუ შეედრება! ხოლო თავისი „ორიგინალურობით“ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლამ შორს ჩამოიტოვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველაზე პროამერიკული - ანტირუსული სპიჩებიც კი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლებების საგარეო და, ასევე, საშინაო პოლიტიკის უპირობო მემკვიდრეობითობას.