სამართალი
მინდა, გაგახსენოთ – სულ რაღაც 95 წლის წინ, 1922 წლის დეკემბერში, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიას იოსებ სტალინმა მიუერთა - მიხეილ გალპერინი

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალპერინმა სტრასბურგის სასამართლოში გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირი მოსმენა გაიმართა.

ეს მოსმენა დაიწყო საქართველოს ისტორიის თარიღების ხსენებით, ასე რომ, მეც მინდა, გაგახსენოთსულ რაღაც 95 წლის წინ, 1922 წლის დეკემბერში, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიას იოსებ სტალინმა მიუერთა. სტალინი კი, როგორც მოგეხსენებათ, იყო ქართველი, ის გორში დაიბადა. ამ დროს არავინ ჰკითხა ოსებს, სურთ თუ არა, იყვნენ ქართველები. ამ გადაწყვეტილებიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ გადაწყვიტა, ეს აღესრულებინა, შეიჭრა სამხრეთ ოსეთში და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. იგივე მცდელობა მათ 2008 წლის აგვისტოშიც ჰქონდათ“, – განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ გალპერინმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წელს ცხინვალის რეგიონზე კონტროლს არ ახორციელებდა და შესაბამისად, ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენცია არ შეეძლო.

რუსეთი არ ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც კონფლიქტი მოხდა და რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა სავარაუდო მსხვერპლზე. რაც შეეხება სამიზნეებთან დაკავშირებულ ბრალდებას, მინდა ვთქვა, რომ ვერავინ განახორციელებს ხალხისა და ადგილების კონტროლს, როდესაც კონფლიქტი და საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთი ასევე არ ახორციელებდა კონფლიქტის ტერიტორიის ეფექტიან კონტროლს მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდა და, შესაბამისად, ვერ იქნება პასუხისმგებელი ამ ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე. რუსეთს არ გააჩნდა კონტროლის მექნიზმი და არ შეეძლო ამ დანაშაულის პრევენცია ან აღკვეთა. სასამართლომ არ უნდა ჩათვალოს, რომ რუსეთს ჰქონდა ეფექტიანი კონტროლი ამ ტერიტორიზე, რადგან იქ ბევრი რუსი სამხედრო იმყოფებოდა. ეს რუსი სამხედროები ჩართული იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში გაცილებით დიდი რაოდენობის ქართველ ჯარისკაცებთან და ასევე იყვნენ კონტრშეტევის რისკის ქვეშ მაშინაც კი, როდესაც საქართველომ ჯარი გაიყვანა“, – განაცხადა გალპერინმა.

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ 2008 წელს რუსეთი იძულებული გახდა, საკუთარი მოქალაქეები და მშვიდობისმყოფელები დაეცვა. მან ასევე დაადანაშაულა საქართველო ოსი მოქალაქეების ინტერესების იგნორირებაში და განაცხადა, რომ თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას არ თანხმდება.

რუსეთი იძულებული იყო, პასუხი გაეცა სამხედრო აგრესიაზე. მას უნდა დაეცვა საკუთარი მშვიდობისმყოფელები და მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართველოს მხრიდან ბრუტალური თავდასხმის მსხვეპლი იყვნენ. რუსეთის უფლება, დაიცვას საკუთარი მშვიდობისმყოფელები და მოქალაქეები, ამ სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის. რაც შეეხება საქართველოს დევნილ მოქალაქეებს და იმას, რომ მათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვთ. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა თვითონ დაადგინეს სასაზღვრო პოლიტიკა. რუსეთი არ არის პასუხისმგებელი მათზე, თუმცა რუსეთი ეხმარება ამ რესპუბლიკებს საზღვრის დაცვაში. ისიც გასაგებია, რომ შექმნილ ვითარებაში სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა უნდა აკონტროლონ საზღვრები. საქართველო ორჯერ დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს, მათ შორის 1992 წელს, როდესაც 100 000 ოსი იძულებით გადაადგილებული გახდა. საქართველო ძალის გამოუყენებელობის შეთანხმებაზე ახლაც არ თანხმდება. საქართველო უარს ამბობს ჟენევის დისკუსიებზე იძულებით გადაადგილებული ოსების პრობლემაზე დიალოგში მონაწილეობაზე. ჩემი აზრით, საქართველოს მოთხოვნა, რომ სასამართლომ განიხილოს იძულებით გადაადგილებული ქართველების საკითხი, არის ცალმხრივი და ეს მხოლოდ გააუარესებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს ქართველებსა და ოსებს შორის“, – განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.