პოლიტიკა
მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელად იქნება, ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა ახალ კაბინეტში ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან, თუმცა ცვლილებების მასშტაბების შესახებ ირაკლი კობახიძე არ ლაპარაკობს.

მინისტრთა კაბინეტს რაც შეეხება, ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, ბატონი მამუკა შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, დღეს-ხვალ გვექნება მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ, ბუნებრივია, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. უკვე მეორე კვირაში დასრულდება მთავრობის ფორმირების პროცესი.

პრემიერობის კანდიდატს 7-დღიანი ვადა აქვს მთავრობის კანდიდატების დასახელებისთვის, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და, შესაბამისად, ჩვენ ამ კვირის განმავლობაში და მომდევნო კვირის განმავლობაში უკვე ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას.

ახალი სახეები ყველა შემთხვევში იქნებიან, სულ მცირე, არის დასასახელებელი ახალი კანდიდატი ფინანსთა სამინისტროსთვის. იქნებიან ასევე სხვა ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებელად იქნება მთავრობის შემადგენლობაში, ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია, თუმცა რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ ჩვენ, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა პოლიტიკის განახლება და ახალი ინიციატივები.

ველოდებით ახალ ინიციატივებს. ბატონი მამუკა გამოირჩევა იმით, რომ მას ქონდა ძალიან კარგი ინიციატივები, ამ ინიციატივებს მხარი დავუჭირეთ პარლამენტმა და უკვე ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, ამ ინიციატივებიდან გამომდინარე. ახლა მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მე არ დავასწრებ, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მან თავად უნდა წარმოადგინოს ინიციატივები, ჩვენ გვექნება სერიოზული მსჯელობა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკის განახლებას სწორი მიმართულებით და ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს პოლიტიკას.

რაც შეეხება ბატონი მამუკას ცოდნასა და გამოცდილებას, ის შეირჩა სწორედ იმ პრინციპისა და კრიტერიუმების საფუძველზე, რომ მას აქვს ღრმა განათლება, ღრმა გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართვისა და საჯარო მიმართულებით. ის იყო შესანიშნავი კანდიდატი ამ პოზიციისთვის და სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო ჩვენმა გუნდმა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ფორმირების დასრულების შემდეგ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა განახლდება.