აქტუალური
დღევანდელი მიმართვა იქნება პირდაპირ ივანიშვილისთვის, აღიარონ ეს სახელმწიფო დანაშაული, იქნეს თემირლანი აღიარებული უდანაშაულოდ! - მალხაზ მაჩალიკაშვილი

      საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ პანკისში აქციაზე გააკეთა. დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ ტერაქტში დამნაშავეები არიან. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული. სახელმწიფო დანაშაული თუ არის, პასუხი უნდა აგოს. თუ არა და მოსახლეობა რისთვის არის, ხალხი რისთვის არის, მასა რისთვის არის, მთელი საქართველო რისთვის არის. ვის მოჰყავს ხელისუფლება მთავრობაში? ხალხს არა?! - იმ ხალხს იმ ხელისუფლების გადაყენებაც შეუძლია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

ივანიშვილი მფარველობს ამ გომელაურსაც და ამ მთლიან ხელისუფლებასაც. ჩვენ ტაშის კვრით და ჩვენი დიდი იმედით მოვიყვანეთ ივანიშვილის ოცნება და დღეს მივიღე ამ ოცნებისგან დიდი ტრაგედია. ერთ-ერთ მაინც გამოვიდეს სამართლიანი. ერთ-ერთს მაინც ჰქონდეს ადამიანური ერთი პროცენტი მაინც, - განაცხადა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრმა მედიკო მარგოშვილმა.

აქციას ესწრებოდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამაც. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მან და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ იპოვეს სამართალი. ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი ტკივილი, რომ შვილები დაგვიხოცეს. და სამართალს ვერ ვპოულობთ. უნდა გამოიძიონ. ეს ხელისუფლება იქნება თუ სხვა ხელისუფლება, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა. იგივეა ბატონი მალხაზიც, რომ ჭეშმარიტებამ უნდა იზეიმოს, - განაცხადა სარალიძემ.