რელიგია
საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას“, რომელზეც ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა მოითხოვონ

     საქართველო, 4 ივლისი. საქინფორმი.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

„როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახანს გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში იგეგმება ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ. 2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით.

კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა“.

3 ივლისი, 2018 წელი