რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: როცა სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ - როგორ დავიცვათ თავი!

     საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჭუბერში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში ქადაგებისას.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ხუთი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა სახლები.

პატრიარქის განცხადებით, აუცილებლად უნდა არსებობდეს სპეციალური უწყება, რომელიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი, წინასწარ განსაზღვრავს მსგავს საფრთხეებს და მოსახლეობას ზარალს თავიდან ააცილებს. მან ხელისუფლებას მოუწოდა, ყველაფერი იღონონ, რომ პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.

დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ სტიქიური მოვლენებისაგან. როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სძლიონ ამ მოვლენებს“, — ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.