რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მე არ მჯერა ბულბულის მეგობრობისა არწივებთან - თეთრთავიანთან და ორთავიანთან! (ნატოს ბრიუსელის სამიტის გაკვეთილები)

     ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტმა ყველა ქართველ პოლიტიკოსს - ვინც მას საქართველოსთვის წარმატებულად თუ წარუმატებლად მიიჩნევს - ხუთი ღია გაკვეთილი ჩაუტარა, რომელთა ზეპირად დასწავლა მათთვის სავალდებულოა.

გაკვეთილი N1: ნატო - სამხედრო ალიანსია და არა დავრდომილთა თავშესაფარი

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეგვახსენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მრისხანე კრიტიკის კომენტირებისას, ნატო - სამხედრო ალიანსია, რომლის კომპეტენციაში არ შედის ნაციონალური გადაწყვეტილებების რევიზია, როგორიც გახლავთ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. თუმცა ქართველი პოლიტიკოსები და საქართველოს ბოლო ორი პრეზიდენტი - მიშა სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი - შეგნებულად აწვდიან ქართველ ხალხს დეზინფორმაციას, რომ ნატო არის დასავლური დემოკრატიული ღირებულებების მატარებელთა სიმბიოზი (რაღაც ფილანტროპთა საერთაშორისო კავშირის ან ოპერის მეგობართა საზოგადოების მსგავსი, რომლის თავმჯდომარედ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი გადავიდა).
სამხედრო, თუმცა კი უსარგებლო ალიანსი უწოდეს ნატოს გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

გაკვეთილი N2: აშშ ნატოს დირექტორია

ალიანსის თანადაფინანსებისას გამოჩენილი სიძუნწის გამო ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერთა მკაცრად დატუქსვით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეახსენა, რომ ნატოს მეთაურია აშშ - ალიანსის მთავარი სამხედრო და ფინანსური ძალა. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამერიკას, ევროკავშირს და ნატოს საქართველოსთვის თანაბრად მნიშვნელოვან სამ პრიორიტეტად მიიჩნევს, ამიტომაც უწოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს „ევროატლანტიკური“.

გაკვეთილი N3: აშშ-ის პრეზიდენტი ნატოში მისაღები კომისიის თავმჯდომარეა

„გარკვეულ დროს ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა! - პროფესიონალმა ტელეწამყვანმა და ნიჭიერმა შოუმენმა დონალდ ტრამპმა ერთი ფრაზით აჩვენა, რომ ნატოში ახალი წევრების, მათ შორის - საქართველოს მიღების საკითხს ერთპიროვნულად აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს და ალიანსში ნებისმიერ სხვაგვარად აზროვნებას, შესაძლოა, იქიდან აშშ-ის გამოსვლა მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, ნატოს კრიზისსა და დაშლას ნიშნავს. ამგვარად, საქართველოს ნატოში შესვლა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტშია და სტრასბურგსა ან ბრიუსელში კი არა, ვაშინგტონში წყდება. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ საკითხს კოლექტიურად წყვეტს ნატოს ყველა წევრი, რომლებიც აუცილებლად გაითვალისწინებენ:

- რომ საქართველო, რომელიც ნატოს წევრი ან წევრობის კანდიდატი არ არის, თავდაცვაზე ალიანსის წევრებისთვის დადგენილ ნორმაზე მეტს ხარჯავს - თავისი მშპ-ს 2%-ზე მეტს, საიდანაც 20%-ზე მეტი შეიარაღებაზე მიდის;
- რომ საქართველო ნატოს არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ყველა „მტკიცე“ მისიაში, სადაც 33 სამხედრო მოსამსახურე მოუკლეს, ასობით კი - მძიმედ დაიჭრა;
- რომ საქართველომ თავის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნა;
- რომ საქართველო ნატოს თავის საზღვაო პორტებსა და ინფრასტრუქტურას დაუთმობს შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების დოქტრინაში მონაწილეობისთვის;
- რომ საქართველო მისთვის მინიჭებულ არსებით პაკეტს კეთილსინდისიერად ასრულებს და რომ ქართული არმია თავისი შეიარაღებითა და გაწვრთნით ნატოს სტანდარტებს შეესაბამება;
- რომ საქართველო მუდმივად ატარებს თავის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო სწავლებებს.

„გარკვეულ დროს ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა! - ამ ერთი სიტყვით - „შანსი“ - მილიარდერი ტრამპი (პუბლიცისტი, ლიდერობის ფსიქოლოგიისა და ბიზნესის წესების შესახებ არაერთი ბესტსელერის ავტორი) მიგვახვედრებს, რომ ნატოს წინაშე საქართველოს ნებისმიერი დამსახურება ავტომატურად მისი ალიანსში გაწევრიანების გარანტი არ არის, არამედ ეს აშშ-ის პრეზიდენტის განზრახვებზეა დამოკიდებული, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ ამერიკული ნაციონალური ინტერესებით ხელმძღვანელობს. შანსი - როგორც კაზინოში - ან მოგეცემა, ან არა, ხოლო თუ მოგეცემა, არავინ იცის - როდის...

გაკვეთილი N4: მხოლოდ МАР-ის საშუალებით

„წევრობის სამოქმედო გეგმა (МАР) საქართველოს ნატოში შესვლის პროცესის განუყოფელი ნაწილია“ - ეს ჩანაწერი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში მოწოდებულია, ქართველი პოლიტიკოსები გამოაფხიზლოს, პირველ რიგში - მისი მე-3 და მე-4 პრეზიდენტები სააკაშვილი და მარგველაშვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს МАР-ი არ სჭირდება, იმიტომ რომ მან ის დიდი ხანია, შეასრულა და გადაჭარბებითაც შეასრულაო, რისი გათვალისწინებითაც წინა სამიტებზე მას, ვითომდა, ხან „ოქროს ბარათს“ აძლევდნენ, ხან - „МАР-ზე მეტს“. გასულ კვირას ბრიუსელში შეღავათებს ნაჩვევი ფიცხი ქართველები არაორაზროვნად გააფრთხილეს, რომ უკანა კარიდან და ურიგოდ შესვლა, როგორც ისინი მიეჩვივნენ, ამჯერად არ გამოვა და დადგენილი წესების საქართველოს გამო შეცვლას ნატო არ აპირებს. სადარბაზო შესასვლელიდან კი, სადაც საქართველოსთვის „ნატოს კარი კვლავინდებურად ღიაა“, შესვლა მხოლოდ МАР-ის საშუალებით შეიძლება.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ნატოს ხელმძღვანელობა საქართველოს გამო მითუმეტეს არ დაარღვევს თავის წესდებას - კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლებს - არ მიიღებს მას ალიანსში, სანამ ის ან თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არ აღადგენს, ან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად არ აღიარებს.

გაკვეთილი N5: ბულბული არწივების ტოლ-სწორი არ არის

დიდმა დამანგრეველმა შევარდნაძემ, რომელმაც ვარშავის ხელშეკრულება და სსრკ დაშალა, და არანაკლებ დიდმა დამანგრეველმა სააკაშვილმა, რომელმაც საქართველო და უკრაინა დაშალა, ამერიკას და მის პრეზიდენტებს იმდენი უძახეს მეგობრები, სანამ ეს ქართველმა ხალხმა არ დაიჯერა. მაგრამ განა ბულბული თეთრთავა და ორთავა არწივების ტოლ-სწორია?! ბულბულმა უნდა იგალობოს, არწივებმა კი - ინადირონ, იმიტომ რომ ისინი მტაცებლები არიან! დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ ციცქნა საქართველოს თანასწორუფლებიანი მეგობრობა ბირთვულ ზესახელმწიფოებთან - ამერიკასთან და რუსეთთან - შეუძლებელია! მითუმეტეს, რომ პოლიტიკაში მეგობრების განსაზღვრება არ არსებობს - მხოლოდ ეროვნული ინტერესები. ვის შეუძლია მსოფლიოში აშშ-სთან ან რუსეთთან თანასწორუფლებიანი მეგობრობით დაიტრაბახოს?! მე ასეთებს ისტორიულ რეტროსპექტივაშიც კი ვერ მივაგენი...

„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდით და დადებითი შთაბეჭდილება დაგვრჩა. მოვუსმინეთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“ - ნატოში შესვლაზე უარის თქმის ზემოთ აღმიშნული ფრაზის გარდა („გარკვეულ დროს ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა!“), დონალდ ტრამპმა ბრიუსელის სამიტზე თავის ქარიზმატულ პარტნიორს (რომელმაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოაწერა) მხოლოდ ეს ოთხი წინადადება მიუძღვნა... რაც შეეხება „დარბაზში კარგ შთაბეჭდილებას“, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გაგებით, შეიძლებოდა, იდუმალ ქართველებს შორეული ჯორჯიიდან დარბაზზე ცუდი შთაბეჭდილებაც მოეხდინათ - მაგალითად, სააკაშვილივით ცხვირი ხელით მოეწმინდათ, დარბაზში ხანჯალამოღებულები შეჭრილიყვნენ ყვირილით „მოიტა ნატო!“, ანდა სულაც კულუარებში გამომთვრალიყვნენ და ალიანსის შენობის წინ მდელოზე მწვადები აეშიშხინებინათ...

P.S. 12 ივლისს, ნატოს სამიტის დამთავრებისთანავე, ანომალიურმა სიცხემ თბილისში, რომელიც ცელსიუსით 41 გრადუსს ასცდა, თითქოს ჯადოსნობით უკან დაიხია. როგორც ჩანს, „ცივმა შხაპმა“, რომელიც საქართველომ ბრიუსელში მიიღო, ამინდზეც სასიკეთოდ იმოქმედა...
ვიმედოვნებ, ბრიუსელის სამიტის გაკვეთილებს ზეპირად დაისწავლიან მაღალანაზღაურებადი ქართველი ხელმძღვანელები, რომელთა წყალობით საქართველო დღეს მოჭყლეტილი აღმოჩნდა ორ დაპირისპირებულ იმპერიას შორის, რომელთა სახელმწიფო გერბებზე შემთხვევით როდი იწონებენ თავს არწივები - თეთრთავიანი და ორთავიანი.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 16 ივლისი
საქართველო, თბილისი