პუბლიკაციები
ვიზები რუსეთში, რომელიც 350-550 დოლარი ჯდება-ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, საშუამავლო ფირმებში კრიმინალური პოლიცია შევიდა

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ინტერესების სექციასთან, სავიზო მომსახურების საშუამავლო ფირმებში კრიმინალური პოლიცია შევიდა. "შაბათის კურიერში" გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა. კრიმინალური პოლიცია არკვევს, ვის უხდიან მოქალაქეები 350-დან 550 დოლარამდე თანხას.

დილიდან ასევე რუსეთის საკონსულოსთან ჯერ საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები იყო მობილიზებული, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსი მივიდა.

"შაბათის კურიერში" გასული ჟურნალისტური გამოძიების და კონკრეტულ საშუამავლო ფირმებში კრიმინალური პოლიციის შესვლის მიუხედავად, დღეს დილიდან რუსეთის საკონსულოსთან ისევ გრძელი რიგი და ქაოსი იყო. საკონსულოს შენობაში მოქალაქეები დღეს მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა.

რუსეთის ვიზის მსურველები ხშირად საელჩოს წინ ღამეებსაც ათევენ, თუმცა დილით გარანტია არ აქვთ, რომ კონსულთან შესვლას შეძლებენ. დღისით კი ჭავჭავაძის 51-ში ვითარება ზოგჯერ ისე იძაბება, რომ ხშირად სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ხდება საჭირო.