რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ იცოდა ქართული ენა ცუდად საქართველოს ყველა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას შემდეგ

     საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებამდე სამი თვე დარჩა. არჩევნებზე მთავარი მეტოქეები მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი და ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიებიდან იქნებიან - გრიგოლ ვაშაძე („ნაცმოძრაობა“) და სალომე ზურაბიშვილი („ქართული ოცნება“), რომელიც ისევე „დამოუკიდებელია“ მმართველი პარტიისგან, როგორც „დამოუკიდებელი“ კანდიდატი ვლადიმერ პუტინი - მმართველი „ედინაია როსიასგან“ 2018 წლის 18 მარტის არჩევნებზე. მაგრამ, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში პრეზიდენტს, ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედოფალზე მეტი ფუნქცია აღარ აქვს, ამიტომ საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი სავსებით შეეფერება „ინგლისელი“ ქართველი დედოფლის ტახტს ყველა პარამეტრით, ასაკითაც კი!

თუმცა კანდიდატებს - სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს - ერთი საერთო თვისება აქვთ, რომელიც მათ საქართველოს ყველა წინა პრეზიდენტთან აკავშირებს ზვიად გამსახურდიას შემდეგ. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შემდეგ ყველა მომდევნომ - ედუარდ მეორემ, მიხეილ მესამემ და გიორგი მეოთხემ - ქართული ენა საშუალოდ ან ცუდად იცოდა. ქართული ლიტერატურის გამოჩენილი კლასიკოსის ვაჟს, მწერალს, პუბლიცისტს და მაღალი კლასის მთარგმნელს ზვიად გამსახურდიას მათ არავინ ადარებს, მაგრამ საეჭვოა, რომელიმე მათგანს ქართულ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩაებარებინა!

შევარდნაძემ ქართული ენა საბჭოთა სასკოლო პროგრამის მოცულობით იცოდა - ანუ საკმარისად, რომ საჯარო გამოსვლების დროს თავისი აზრები გასაგებად გამოეხატა.
სააკაშვილი სკოლის წლებში ინგლისურს სწავლობდა და ხელმრუშობით იყო დაკავებული, უკრაინის, ევროპის და აშშ-ის უნივერსიტეტებში კი ქართულს არ ასწავლიან.
მარგველაშვილს, რა თქმა უნდა, შევარდნაძეზე მეტი წიგნი წაუკითხავს, მაგრამ „თეთრი მელასგან“ განსხვავებით, აზრების მკაფიოდ გადმოცემა უჭირს. ამიტომ მისი პრეზიდენტობის 5 წლის მიწურულს საქართველოში ვერავინ გაიხსენებს თუნდაც ერთ ციტატას მისი გამოსვლებიდან, ფრთიანი „ნიჩურტა - მე ქართველი ვარ!“ - გარდა.

რაც შეეხება არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში გადმობარგებულ რუსეთის უკვე ყოფილ მოქალაქეს და საფრანგეთის ჯერ კიდე მოქალაქეს - გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს („ქაჯები მიდიან!“), მათთან შედარებით პანკისელი მალხაზ მაჩალიკაშვილი ერთდროულად ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძეა! მათ თავისი შეგნებული ცხოვრების მეტი ნაწილი რუსეთსა და საფრანგეთში იცხოვრეს და იმუშავეს, რუსულად და ფრანგულად ლაპარაკობდნენ, შესაბამისადვე აზროვნებენ...

დღეს ქართული ენის კარგად ცოდნა, რაც აუცილებელია სტუდენტებისთვის, აუცილებელი არ არის საქართველოს პრეზიდენტისთვის - ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოსა და მისი კონსტიტუციის გარანტისთვის! ქართველ ხალხთან მას სალაპარაკო არაფერი აქვს, უცხოურ ვოიაჟებში კი ქართული საერთოდ არ არის საჭირო - მხოლოდ ინგლისური და რუსული, უარეს შემთხვევაში - ფრანგული...

P.S.
სხვათაშორის, ქართულის და რუსულის გარდა, ბატონმა ზვიადმა შესანიშნავად იცოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები, რითაც სასიამოვნოდ აოცებდა უცხოელ ელჩებს დიპლომატიურ რაუტებზე.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 3 აგვისტო
საქართველო, თბილისი