რელიგია
ილია II: უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა!

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა, თვითონაც არ არიან ამაზე თანახმა, მაგრამ იმდენად დიდია მათზე ზეწოლა, რომ იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ ეს დადგენილება, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს 2018 წლის 5 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში. მისი თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობაა.

ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკისადმი მოთხოვნილება ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა, თვითონაც არ არიან ამის თანახმანი. მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ ეს დადგენილება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა ნარკოტიკებით, უნდა დავუშვათ მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას: გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს!

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა - ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე“, - ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა.