პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. განცხადება ამასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ვემსახურებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს მტკიცე მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის, რაც ამ დღეებში კიდევ ერთხელ აჩვენეს.

ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია – 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.