სამართალი
ციანიდი პატრიარქისთვის: ადვოკატებმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

როგორც დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ საზოგადოებამ დაინახა, როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს საქმეში.

ყველა ძირითად სამართლებრივი დარღვევა, რაც ამ საქმეშია, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავურთეთ გარკვეული შინაარსის დოკუმენტები, რომელიც აფიქრებინებს და დაარწმუნებს მას, რომ რეალურად საქმე არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტს ექნება ყველა ინფორმაცია, რომელიც მას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს. დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი და გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, პრეზიდენტმა თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს და დეკანოზი არ შეიწყალოს.

მე, როგორც უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, იურისტს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობის შინაარსი კარგად იცის, ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტმა სწორი რეაგირება არ მოახდინოს და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალოს. ვინაიდან, თუ ამ საქმით დაინტერესებული და მიკერძოებული არ არის ადამიანი, არ ექნება პროტესტის გრძნობა, თუ რატომ მოხდა გიორგი მამალაძის შეწყალება. უფრო მეტიც, მათი მხრიდან ამ საკითხზე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობა იქნება”, – განაცხადა ფანცულაიამ.