საზოგადოება
მშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ბახტაძე

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. მშვიდობა მოგვიტანს ჩვენ ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 10 წლის წინათ რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია განახორციელა, ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

რუსული აგრესია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, არის გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე არის მშვიდობა, არის ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, არის ევროპული ხარისხისა და ევროპული ფილოსოფიური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს. მე ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი შეხვედრები მქონდა ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს დები, ძმები, მშობლები. მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განწყობა არის ერთი, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა მოგვიტანს ჩვენ ისეთ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი 7 აგვისტოს საქართველოში პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურა, რომელთა მონაწილეობით ომიდან 10 წლისთავზე გაიმართა მრგვალი მაგიდა სიმბოლური სახელით – მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.

ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც მათ ამ დღეებშიკიდევ ერთხელ გვაჩვენეს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია – 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შესრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.