საზოგადოება
10 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, არ თქვათ, რომ აშშ-მა არ უპასუხა! - კონდოლიზა რაისი

     საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. არ თქვათ, რომ აშშ-მა საქართველო არ დაიცვა – ამ სათაურით სტატიას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი Washington Post-ში აქვეყნებს.

აშშ-ის საგარეო უწყების ყოფილი მეთაურის მტკიცებით, მან მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთი საქართველოს პროვოცირებას შეეცდებოდა.

ბუშის ადმინისტრაციაში რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხე გაცნობიერებული გვქონდა. 2008 წლის ადრეულ გაზაფხულზე აშშ და გერმანია შეეცადნენ, მოლაპარაკებების გზით მოეხდინათ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში სიტუაციის დეესკალაცია. ამ ძალისხმევით რუსი მშვიდობისმყოფელები და ქართველები ფიზიკურად უნდა განცალკევებულიყვნენ. უნდა ჩამოყალიბებულიყო გადაადგილების საერთო წესებიც. სწორედ ამ კონტექსტით, პირად საუბარში ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს, რომ რუსეთი საქართველოს პროვოცირებას შეეცდებოდა და შექმნილ სიტუაციაში მას NATO- მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მე სააკაშვილი არც მაშინ დამიდანაშაულებია კრიზისში და არც ახლა ვადებ ხელს. ეს იყო მარტივი წინადადება, რომლის მიზანიც იყო ქართველების დამშვიდება, რომელთა ემოციებიც მაშინდუღდა”, – წერს კონდოლიზა რაისი.

ამავე სტატიაში, კონდოლიზა რაისი, რომელიც 2008 წელს სახელმწიფო მდივანი იყო, აცხადებს, რომ აშშ-ის დახმარებით რუსეთის თბილისზე თავდასხმა შეჩერდა.

რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიზანი თბილისის და საქართველის არჩეული მთავრობის დაცვა იყო. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ის ტრანსპორტით ერაყიდან სამშობლოში დააბრუნეს იქ დისლოცირებული ქართველთა დანაყოფები. ემუქრებოდა თუ არა თბილისს საფრთხე? დიახ, ემუქრებოდა. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარში ომის დასრულებისთვის სამი წინაპირობა დაასახელა. პირველი, საქართველოს უნდა მოეწერა ხელი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე და მეორე, ქართველები ყაზარმებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ორივე ეს პირობა საქართველოსა და მისი მოკავშირეებისთვის მისაღები იყო. მესამე წინაპირობა, რომელიც ლავროვმა პირადად მითხრა, მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო, – იხსენებს აშშ-ის ექსსახელმწიფო მდივანი.

რაისის თქმით, ამ მოთხოვნამ შოკში ჩააგდო. როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი წერს, მან ლავროვს უთხრა, რომ ასეთი საუბარი აშშ-ისა და რუსეთის მთავარ დიპლომატებს შორის დაუშვებელია.

მე ახლა დავრეკავ ყველასთან და ვეტყვი, რომ რუსეთი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს და ასეც მოვიქეცი. შედეგად მოსკოვის რეალური ზრახვები ყველასთვის ცნობილი გახდა და საქართველოს დემოკრატია გადარჩა, – ნათქვამია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის სტატიაში Washington Post-ში.

კონდოლიზა რაისი ასევე უარყოფს ცნობას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრანგეთმა გააფორმა.

მე პირადად ვიჯექი სააკაშვილის კაბინეტში, ჩვენ გადავამუშავეთ ფრანგული პროექტი. მათ შორის ცვლილებები შევიდა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც რუს სამხედროებს გადაადგილების უფლება ექნებოდათ და ამავე დროს, საქართველოს დედაქალაქს საფრთხე არ დაემუქრებოდა, – წერს რაისი.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-მა შეახსენა მოკავშირეებს, რომ ბუქარესტის სამიტზე მათ არ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და აღმოსავლეთ ევროპა ამას ითხოვდნენ.

ჩვენ მაშინ ვერ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ აშშ-მა იმოქმედა და საქართველომ დემოკრატია შეინარჩუნა. ეს მაინც სევდიანი ამბავია და შეიძლება, პუტინმა არასწორი დასკვნები გამოიტანა. იმისთვის რომ რუსეთი მომავალში შევაჩეროთ, აუცილებელია, ისტორიიდან ფაქტები სწორად ვიცოდეთ, – წერს კონდოლიზა რაისი.