პუბლიკაციები
ვინ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ანუ დღემდე რატომ ვერ გაიგეს საქართველოს ხელმძღვანელებმა ბიძინა ივანიშვილის ხასიათი - არნო ხიდირბეგიშვილი

     საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობაში ტყუილად როდი იკავებდნენ დიდხანს თავს, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ საქართველოს პრეზიდენტობის „დამოუკიდებელი“ და დაბალკვალიფიციური კანდიდატის - ხანდაზმული და არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც 2016 წელს პარლამენტარის - დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის მაჟორიტარის სავარძელი აჩუქეს.

„ქართული ოცნება“, უფრო ზუსტად კი - მისი თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ანალიზის შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის „დემოკრატიული არწარდგენისგან“ მიღებული დივიდენდები ვერაფრით გადაწონიდა კონტროლიდან გასული არაადეკვატური პრეზიდენტის მიერ მიყენებულ ზარალს, როგორც ეს უკვე მოხდა გიორგი მარგველაშვილთან. უეჭველია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაითვალისწინა საზოგადოების აზრიც - როგორც მმართველი პარტიის, ისე მისი ელექტორატის, რომლებიც მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის იდეას მთლიანობაში, ისე, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას.

„მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა. რამდენადაც ჩვენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს, შესაძლოა, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. თუმცა, ამასთან, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს პოზიცია, რომ პარტია არჩევნებზე აუცილებლად თავისი კანდიდატით უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თუმცა მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოველდღე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება - არ წამოაყენონ საკუთარი კანდიდატი - საბოლოო და უცვლელია, იმიტომ რომ, „კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის პოსტი საქართველოში წონადი არ არის“.

საოცარია, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის განმავლობაში, ამ პერიოდში გამოცვლილმა პრემიერ-მინისტრებმა, პარლამენტის თავმჯდომარეებმა, პრეზიდენტმა და მინისტრებმა მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხასიათი მაინც ვერ გაიგეს! გადაწყვეტილებების მიღებისას ივანიშვილი სხვადასხვა აზრსა და ფაქტორს ითვალისწინებს, ამიტომ მისთვის ობიექტური ინფორმაციის დამალვა ან მოტყუება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტიული და სახიფათოა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის მათივე საწინააღმდეგოდ ტრიალდება. ივანიშვილის, როგორც მენეჯერის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისებაა კრეატიულობა. ის არასოდეს იტყვის უარს ექსპერიმენტზე, თუკი ამაში აზრს ხედავს, ამისთვის შეუძლია, საკუთარი გადაწყვეტილებაც კი დაუფიქრებლად შეცვალოს. და კიდევ - ივანიშვილს თავისი, მათ შორის, საკადრო შეცდომების აღიარება ძალუძს, მისთვის საკუთარ გარემოცვაში ურყევი ავტორიტეტები არ არსებობენ და მცირე ეჭვის გაჩენისთანავე, რომ მისმა რჩეულმა უფლებამოსილებების გადაჭარბება დაიწყო, ზედმეტი კომფორტი და ცრუ ხელშეუხებლობა იგრძნო, ამ ხელისუფლებაში მისი პოლიტიკური კარიერა მთავრდება!

ხოლო თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი - გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ თავად ბიძინა ივანიშვილი - ამას აგვისტოს ბოლომდე, ცესკო-ში კანდიდატების რეგისტრაციის დამთავრებამდე გავიგებთ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 23 აგვისტო
საქართველო, თბილისი