აქტუალური
პურის ფასის ზრდა, პრაქტიკულად, გარდაუვალია - ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ

     საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. პურის ფასის ზრდა, პრაქტიკულად, გარდაუვალია. მეპურეები უკვე ამბობენ, რომ პური, შესაძლოა, უფრო ძვირად გაყიდონ.

ბოლო ერთი კვირაა, ისინი გაძვირებულ ფქვილს ყიდულობენ. თუკი აქამდე ერთ ტომარა ფქვილში 37 ლარს იხდიდნენ, ახლა მას 45 ლარად ყიდულობენ. მეწარმეების ნაწილი საცხობების დაკეტვასაც არ გამორიცხავს.

მცირე საცხობებისა და პურის ქარხნების მეპატრონეები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რამდენით გაიზრდება პურის ფასი.

პურის ფასის მატების ტენდენციაზე სპეციალისტებიც ლაპარაკობენ. მათი შეფასებით, ფასის გაზრდას ფქვილის ღირებულების მატებასთან ერთად ეროვნული ვალუტის გაუფასურება და საწარმოებისთვის გაზის ტარიფის ზრდაც განაპირობებს.

ექსპერტების შეფასებით, პურის გაძვირება გარდაუვალია, რადგან ბაზარზე ხორბლის ფასი 30-35% არის გაზრდილი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შექმნილმა სიტუაციამ პროდუქციის ხარისხზეც იმოქმედოს.

საქართველოში ხორბლის დაახლოებით 90 პროცენტი იმპორტირებულია. ოფიციალური ინფორმაციით, 1 ტონა ხორბლის ფასი სამი კვირის წინ 200 დოლარი იყო, ბოლო მონაცემებით კი - 232 დოლარია.

გარდა ამისა, 16 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება.