პუბლიკაციები
რუსეთს და საქართველოს საერთო საფრთხის საფუძველზე შეუძლიათ ურთიერთთანამშრომლობა! - ანტონ ბრედიხინის კომენტარი საქინფორმისთვის

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ახლახანს იმყოფებოდა ანტონ ვიქტორის ძე ბრედიხინი  – რუსი პოლიტოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეთნიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი. ევრაზიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრისას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ანტონ ბრედიხინმა წარმოადგინა ქართულ-რუსული ურთიერთობების ძირეული მომენტების მისეული ხედვა და საქართველოში ნანახით შთაბეჭდილებები გამოხატა.

საქინფორმი თავის მკითხველს რუსი პოლიტოლოგის მცირე კომენტარს სთავაზობს. 

ანტონ ბრედიხინი:  „ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება ისეთი საკითხები, როგორებიც გახლავთ სახელმწიფოს ნაციონალური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციაში და ეთნოსებს შორის ურთიერთობები პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შრომების უმეტესი ნაწილი რუსული კაზაკობის და უკრაინისტიკის საკითხებს ეძღვნება, მე მაქვს რიგი გამოკვლევებისა საქართველოს პრობლემატიკაზე, კერძოდ, ისეთი რელიგიური სექტების მოღვაწეობაზე, როგორებიც არიან ბაპტისტები და დუხობორები. ასევე ვიკვლევ ქვემო ქართლის აზერბაიჯანული უმცირესობის, საქართველოსა და სამხრეთ რუსეთში მცხოვრები თურქი მესხების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, პანკისის ხეობაში . . ისლამური სახელმწიფოს საქმიანობასა და  მართლმადიდებელი ვაინახ-ბაცბების ეთნოკულტურულ განვითარებას. ამ ბოლო თემასთან დაკავშირებით მიწვეული ვარ 1-ლ საერთაშორისო ნახურ სამეცნიერო კონგრესზე - კავკასიის ხალხების ეთნოგენეზი და ეთნიკური ისტორია“, რომელიც ამა წლის სექტემბერში ჩატარდება გროზნიში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. მაგრამ თბილისში მივიღე სპუტნიკ-გრუზიას მოწვევა, რათა მონაწილეობა მივიღო რუბრიკაში უცხოელთა თვალით დანახული საქართველო“, ვისაუბრო რუსულ-ქართული თანამშრომლობის აქტუალურ სფეროებზე.

რაც შეეხება ქართველებისა და რუსების ურთიერთობებს, ეს ორი ერი  1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის მომენტიდან ვიდრე 1991 წლამდე ერთი ბედისწერით გადაიჯაჭვნენ ერთმანეთთან და ეს გარემოება, ჩემი აზრით, დღესაც აქტუალურია და საბჭოთა კავშირის დაშლის ფაქტი მას ვერ ცვლის. რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 157 ათასი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ თავიანთი ეთნოკულტურული იდენტურობის შენარჩუნების საშუალება. ქართულმა სამეფომ მე-18 საუკუნეში თავისი არჩევანი შემთხვევით როდი გააკეთა. რუსებს და ქართველებს აერთიანებთ ერთი კულტურული კოდი, მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები მძიმე ხასიათს ატარებს, ამჟამად მაინც ვითარდება, თუნდაც არასაკმარისად. მაგალითისთვის, ურთიერთობების დადებითი განვითარება კარგად ჩანს რუსი ტურისტებისადმი ქართველების მხრიდან კეთილი დამოკიდებულების მიხედვით. საქართველო ამ მხრივ დადებითად გამოირჩევა თვით ისეთი მასობრივი ტურიზმის ცენტრებისაგან, როგორებიც თურქეთი და ეგვიპტე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მრავალსაათიანი საცობებია, რუსეთიდან ტურისტული ნაკადი არ წყდება. გარდა ამისა, სასარგებლოდ მიმაჩნია რუსული თანამშრომლობის ორგანიზაციის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მიერ განხორციელებული პროგრამა, რომლის ფარგლებში ქართველ სტუდენტებსა და ასპირანტებს საშუალება ეძლევათ, ისწავლონ საუკეთესო რუსულ უნივერსიტეტებში, კერძოდ, მოსკოვში, ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში.

ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკურ ექსპანსიას აქტიურად ახორციელებს თურქული, ირანული, არაბული ბიზნესი. მაგრამ ბიზნესთან ერთად გაძლიერებულად ვრცელდება რადიკალური ისლამი. იგი ფეხს იკიდებს აჭარაში, ქვემო ქართლში, ხოლო პანკისის ხეობა ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების რეკრუტირების ადგილი გახდა. ამიტომ, ჩემი შეფასებით, საქართველოში არსებობს კონფესიათაშორისი დაძაბულობის შექმნის საფრთხე, რომელიც პოტენციურად კონფლიქტურ და სეცესიონისტურ სიტუაციაში შეიძლება გადაიზარდოს. რუსეთს და საქართველოს შეუძლიათ, ამ ერთობლივი საფრთხის საფუძველზე ითანამშრომლონ ერთმანეთთან“.