რელიგია
შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს! - ილია მეორე

  საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. 

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული, გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს. 

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ“, – ბრძანა პატრიარქმა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა აღნიშნა. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდა.