პუბლიკაციები
საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება, მაგრამ, უწინარესად - ქვეყნის გასამთლიანებლად და არა რუსეთის საწინააღმდეგოდ - ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, "ელიტური" ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, მასმედია, "ღირებულებების გადაფასების პროცესშია" ("ვერ გარკვეულან", რომელია "პირველი" და რომელი "მეორე"?!) და ამიტომ, მათგან "აღრეულ, დამაბნეველ" გზავნილებს ღებულობს ქართველი ხალხი, რაც აისახება ჩვენი ერის პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო-კულტურულ, ფსიქოლოგიურ-სულიერ მდგომარეობაზე! არადა, მარტივი ჭეშმარიტება ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლური, ევროპული ღირებულებები ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირებულებებს, მაშინ უპირატესობა ენიჭება, უნდა მიენიჭოს ეროვნულს, და არა პირიქით! 

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გაგრძელდება 14 წლიანი ფსევდოლიბერალური მმართველობა, მაშინ კუთვნილ ტერიტორიებსაც დავკარგავთ და ქართულ სახელმწიფოებრიობასაც!.. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველთა ყველა თაობის ნატვრა და საზრუნავი იყო, საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა და რასაც ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები!.. 

დიახ, ჩვენი წინაპრებისათვის, ქართველობა და ქრისტიანობა ერთი და იმავეს ნიშნავდა, ამიტომაც, სახარებისეულ 10 მცნებაზეა დაფუძნებული ჩვენი ერის ღირებულებები და ფასეულობები, რაც "გადახედვას" არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს! უმწარესი ისტორიული გაკვეთილები არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც საქართველოს მეფეებს, ქვეყნის და ქრისტიანობის გადასარჩენად, დასავლეთის და რუსეთის ქრისტიანი მონარქები დახმარებას "უშურველად" პირდებოდნენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ქართველები მარტონი იბრძოდნენ, ერთი-ერთზე ურიცხვი მუსლიმების წინააღმდეგ!.. 

დღესაც, უამრავი გამოწვევა გვაქვს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, უცხოეთში მილიონნახევარი ქართველი ემიგრანტია, რაც დემოგრაფიულ კატასტროფაზე მეტყველებს, მითუმეტეს, უცხოელ, აზია-აფრიკელ მიგრანტთა "შემოსევის" პირობებში! ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონი და მასობრივი უმუშევრობაა, რამაც გააღატაკა ქართველი ხალხი! ჩამოთვლილ საკითხთა შორის უმთავრესი მაინც არის, რუსეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენი 2 რეგიონის დეოკუპაციის საკითხი!.. 

ამავდროულად, საქართველო დეკლარირებულად "ისწრაფვის" ნატო-სკენ, რაც ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი (ნატო-ში შესვლა და დეოკუპაცია!) სტრატეგიაა!.. ამის გამო, ქართველი ხალხი უკვე მრავალი წელია უიმედო მდგომარეობაშია, არადა, უახლოეს მომავალში გამოსავალი თუ არ მოიძებნა, ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ, უნდა ვეძებოთ ეს "გამოსავალი"!.. ამისათვის, განვიხილოთ ავსტრიის მაგალითი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, თითქმის ჩვენს მსგავს მდგომარეობაში ჩავარდა!.. 

მოგეხსენებათ, რომ 1949 წელს დაარსდა ნატო (NAთO), ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და ავსტრიას, ავსტრიულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და ავსტრიელი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ამ ალიანსში გაწევრიანება სურდათ, მაგრამ, საბჭოთა ჯარების მიერ ავსტრიის ოკუპაციის გამო, ეს მათ ვერ შეძლეს!.. 

სამაგიეროდ, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ (დეოკუპაცია ავსტრიელებისათვის უპირველესი გახლდათ!), მოხერხდა ავსტრიის დეოკუპაცია, დასავლეთსა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) და საბჭოთა კავშირს შორის კომპრომისის მიღწევის შემდეგ, როდესაც 1955 წელს დასავლეთის შეთავაზებით და მხარდაჭერით(!!), ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ამის პარალელურად საბჭოთა საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს ავსტრიის ტერიტორია!.. 

დიახ, ჩემი აზრით, საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება, მაგრამ, უწინარესად - ქვეყნის გასამთლიანებლად და არა რუსეთის საწინააღმდეგოდ, რაც თვითმკვლელობაა და ფიზიკური განადგურების საფრთხის შემცველიც კი, ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის, რისი უფლებაც არა გვაქვს თანამედროვე ქართველებს, პირველ ყოვლისა მომავალი, ჯერ არ დაბადებული ქართველთა თაობების წინაშე!