პუბლიკაციები
ჩვენ ცვლილებებს მოველით - საქართველოში დაიწყება სკანდალური მხილებების სერია, რომელთა შედეგად დამნაშავეები ადეკვატურ დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ - საქინფორმი

 საქართველო, 28 სექტემბერი. საქინფორმი. დღეს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ ე. წ. კოჰაბიტაციის - პოლიტიკურ მტრებთან და ბოროტმოქმედებთან თანაცხოვრების ნაყოფს იმკის. 6 წლის მმართველობის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ თურქეთის პრეზიდენტის მსგავსად, პასუხისგებაში მიეცა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა მათ და ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილი ქვეყნის პარლამენტში. ხოლო სააკაშვილის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც საქართველოში სხვაგვარად მოაზროვნეებთან ტოტალური ანგარიშსწორება, წამება დააკანონა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი დაკარგა, აკრძალული არ იქნა, როგორც დანაშაულებრივი ფაშისტური ორგანიზაცია, ამიტომაც დღეს ის, პროპაგანდის რუპორზე - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი ქართველი ხალხი, კვლავ ხელისუფლებისკენ მიიწევს.

მოცემულ მომენტში საქართველოში მასობრივი საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ვითარება ნაწილობრივ რუსეთისას მოგვაგონებს. სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის - პრემიერ ბიძინა ივანიშვილის აპრიორი ჩასავარდნად განწირულმა საკადრო დანიშვნებმა 2013 წლიდან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილიდან მოყოლებული, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარით ნინო გვენეტაძით დამთავრებული, აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენეს საქართველოს. პრეზიდენტი გამუდმებით ვეტოს ადებდა და პარლამენტს კანონშემოქმედებით საქმიანობას უძნელებდა, ფინანსური ბლოკის მინისტრები მსხვილ კორუფციაში და ნეპოტიზმში გარეული აღმოჩნდნენ, იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროში არსებულმა აურზაურმა საძირკვლამდე შეარყია სასამართლო სისტემა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა საბოლოო პოლარიზება განიცადა - ან სააკაშვილი და მისი პარტიული კოალიცია, ან მოქმედი ხელისუფლება და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. ყველა დანარჩენ პარტიებს - კანდიდატებს თითქმის არ ჰყავთ ამომრჩეველი, ამიტომ ან უარი თქვეს - (უარს იტყვიან) არჩევნებში მონაწილეობაზე, ან გარკვეული დივიდენდების სანაცვლოდ ორი ძირითადი მეტოქიდან რომელიმეს მიეტმასნებიან. სრული ლუსტრაცია მოხდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა „მეოთხე“ და „მეხუთე“ ხელისუფლება - მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე, ბიზნესში. აქ, როგორც აღმოჩნდა, ყველამ უკვე დიდი ხანია, გააკეთა არჩევანი, რომელსაც აქამდე მალავდნენ. ეს მნიშვნელოვნად უადვილებს ამოცანას ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია ათასგვარ ცოდვაში ადანაშაულებს, „კრემლის ნების მონურად აღსრულებიდან“ „სახელმწიფო რეკეტამდე“, და ის დღეს მაინც, ბოლოს და ბოლოს, გაასაჯაროებს მის ხელთ არსებულ კომპრომატს და ბოროტმოქმედები, რომლებმაც დემოკრატია ყველაფრის ნებადართულობაში აურიეს, კანონის შესაბამისად დაისჯებიან. ეკონომიკური ან სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფო წყობის დამხობისაკენ წაქეზება ან ტერორიზმის ხელშეწყობა - ყოველ მათგანს შესატყვისი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და გამონაკლისი არავისთვის არ უნდა გაკეთდეს.