პუბლიკაციები
გორში აფხაზეთში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა, თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 25 წლის წინ სოხუმში მიმდინარე მოვლენები და ის გმირები, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებიც.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი.