პუბლიკაციები
დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით შევძლებთ, დავიწყოთ სამშვიდობო ინიციატივის იმპლემენტაცია - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში, ევროკავშირში და ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა 100 პროცენტით უჭერს მხარს ამ ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული დეპოპულაციის პროცესი.

მე დღეს გაერო- ტრიბუნიდან პირდაპირ განვაცხადე, რომ რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, როგორ შევაჩეროთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორ შევქმნათ პლატფორმა დიალოგისთვის და საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე, კომერციულ საქმიანობაზე, რათა ჰქონდეთ ელემენტარული საშუალება, თავიანთი ოჯახები გამოკვებონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით შევძლებთ, დავიწყოთ ამ ინიციატივის იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში”, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.