რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდებიან საქართველოში მაშინ, როცა ქართველი ლტოლვილები დაბრუნდებიან სოხუმში და ცხინვალში!

     გასულ პარასკევს, 2018 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 17-წუთიანი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე. გამოსვლამ სრულიად განსხვავებული გამოხმაურებები გამოიწვია: მოსკოვში - ირონიული, სოხუმსა და ცხინვალში - ნეგატიური, თბილისში - პოზიტიური ივანიშვილის უმრავლესობაში და სკეპტიკური - სააკაშვილის ოპოზიციაში. მსგავსი კითხვათსხვაობის მიზეზები სათანადოდ არ იქნა გაანალიზებული არც ქართულ, არც უცხოურ მედიაში, ამიტომ შევეცდები, ეს ხარვეზი ნაწილობრივ მაინც შევავსო.

     „სამხრეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის“ - ალბათ, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კრემლში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან სტალინის თანამემამულის გამოსვლის შემდეგ. „პრემიერი ახალია, მიდგომები კი - ძველი!“, - იმედი გაუცრუვდათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოფიციალურ კომენტარში ვერ დამალეს გაღიზიანება ქართულ ენაზე ბახტაძის გამოსვლის გამო, რომელმაც მათ „უცნაური შეგრძნებები დაუტოვა“. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლიდან დღემდე რუსეთის ხელმძღვანელობა და მედია, როგორც წესი, თავს არიდებდნენ საქართველოს ახალი ხელისუფლების კრიტიკას, ამჯერად საგარეო უწყების ტონი პირველად არ იყო რბილი („რბილ ძალაში“ არ შეგეშალოთ!) და ცინიზმის ელფერიც დაჰკრავდა (ტექსტი აშკარად მარია ზახაროვას მიერ იყო შედგენილი ბორის ჯონსონისადმი მისი ცნობილი პასუხის სტილში). საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, პრაქტიკულად, არაადეკვატური იდეალისტები თუ მატყუარა პროპაგანდისტები უწოდეს, რომლებიც მთელ დროს მსოფლიო საზოგადოების დეზინფორმირებაზე ხარჯავენ, ხოლო საქმის რეალურ ვითარებას მალავენ. აქაოდა, სხვაგვარად ისინი არ მოუწოდებდნენ რუსეთის ფედერაციას „შეასრულოს ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს“, იმიტომ რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე დიდი ხანია, საქართველო აღარ არის, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც „ურთიერთპატივისმცემელი დიალოგის დაწყებას თბილისში უგულებელყოფენ“. და მაგ თქვენი „რაღაც „ახალი სამშვიდობო ინიციატივითაც““ რუსეთს კი არა, „სოხუმს და ცხინვალს“ მიმართეთ ჟენევაში, იმიტომ რომ ნიო-იორკში, ბრუსელში და სტრასბურგში გზა აფხაზებს და ოსებს თქვენ, ქართველებმა გადაუკეტეთო!

     არა, საქართველოს ხელისუფლება პროპაგანდის ბრალდების გამო მოსკოვზე მაინცდამაინც არ უნდა განაწყენდეს, თუ გავითვალისწინებთ მათ საკუთარ ყოველდღიურ განცხადებებს რუსული პროპაგანდის - „რბილი ძალის“ შესახებ, აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას აშშ-ის მიერ შექმნილ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის სტრუქტურებში. სინამდვილეში საქართველოს მთავრობა არც რეალობას არის აცდენილი და არა მხოლოდ „პროპაგანდისტული ვარჯიშებისაგან თავისუფალ დროს“ მშვენივრად აცნობიერებს, რომ საეჭვოა, გაერო-ს, ევროკავშირის, ეუთო-ს ან აშშ-ის მხრიდან ზეწოლით შეიძლებოდეს რუსეთის იძულება, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიწვიოს. (გაცილებით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება „ტკბილი სიტყვით“ - შევარდნაძის თხოვნით პუტინმა გალის რაიონში დევნილები დააბრუნა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით - ახალგორის რაიონი საქართველოს დააბრუნა, რომელიც ისევ წაგვართვეს სააკაშვილის ბაქიაობის გამო!) მოსკოვში, უეჭველია, აღშფოთებული არიან თვით იმ ფაქტითაც, რომ ერთმორწმუნე საქართველო, რომელთანაც რუსეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს და რომელსაც რუსეთში ყველაზე დიდი დიასპორა აქვს, მას პირდაპირ კი არ ელაპარაკება, არამედ დასავლელი შუამავლების საშუალებით.

     ისმის კითხვა: თუკი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გასაგებია საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაშ, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა მისი პრემიერ-მინისტრი თავისი კრიტიკული და უდავოდ წინასწარ მოფიქრებული სიტყვის წარმოთქმისას?

     საქმე ის არის, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლას ზეამოცანა ჰქონდა და ამიტომ განკუთვნილი იყო არა იმდენად მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალისათვის, რამდენადაც თბილისისა და ვაშინგტონისთვის. მოქმედი პრემიერ-მინისტრი იმდენად მიამიტი არ არის, რომ არარეალური მიზნები დაისახოს, რაც მოსალოდნელი იქნებოდა შინნაზარდი დემაგოგის - პრეზიდენტი მარგველაშვილისაგან ან მისი წინამორბედის - პირწავარდნილი ავანტიურისტი სააკაშვილისაგან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე, ჩანაფიქრის მიხედვით, იგივე ეფექტი უნდა ჰქონოდა, რაც აშშ-ის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ანუ უნდა ეჩვენებინა, რომ საქართველოს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ის მხარს უჭერს, კრემლის დასმულები არ არიან - ისევე, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთისთვის უპრეცედენტო „ცივი ომის“ გამოცხადებით გააქარვა ანალოგიური ეჭვები თავის მისამართით.

     ქართველმა პრემიერმა თავისი გამოსვლით იმავდროულად ყირიმის ოკუპაციის გამო აშშ-ის პრეზიდენტის ანტირუსული სანქციების მხარდაჭერის დემონსტრირება გააკეთა, გაავლო რა პარალელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან. თანაც დატუქსა გაერო და ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციები პასიურობისათვის და არასაკმარისი წვლილისათვის საერთო უსაფრთხოებაში, როგორც ეს თვოთონ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა!

     აშშ-ის გარდა, პრემიერმა ბახტაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს რუსეთისაგან შავის ზღვის რეგიონული უსაფრთხოების დოქტრინას საქართველოს მონაწილეობით. „დღეს მინდა, ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ „თბილისის ფორუმის ჩატარება“, რომლის მთავარი მიზანი იქნება, რომ შავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომლებიც დღეს დაპირისპირების და გამოწვევების არეალს წარმოადგენენ, მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ გადაიქცეს!“, - განაცხადა ბახტაძემ. და მის მიერ გახმოვანებული მესიჯის შემდეგ არავის გაახსენდა, რომ საქართველოს მეზობლებს ქართველი პრემიერის მიერ მითითებულ ორ რეგიონში - სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში, თურქეთს შავი ზღვისაში - არ მიაჩნიათ რუსეთი რეგიონულ საფრთხედ, პირიქით - მისი სტრატეგიული მოკავშირეები და პარტნიორები არიან...

     აი, როგორი იყო ბახტაძის გამოსვლის რეალური მიზანი, მისი „გეგმა-მინიმუმი“, რომელიც მან უდავოდ შეასრულა, და არა გაერო-ს მორიგი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, როგორიც შევარდნაძის დროიდან ტონობით იქნა მიღებული, მაგრამ მათ საქმე მკვდარი წერტილიდან მილიმეტრითაც არ დაუძრავთ!

     და ბოლოს, კიდევ ერთი მიმართვა ბახტაძის გამოსვლაში - „აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი“, რომლებსაც ქართველები „თანამოქალაქეებად“, მითუმეტეს, „ძმებად“ არ მიაჩნიათ, უფრო - ისტორიულ მტრებად ( ბახტაძის მთელი გამოსვლა მიმართვებისაგან შედგებოდა - რუსეთის ფედერაციისადმი, აფხაზი და ოსი „თანამოქალაქეებისადმი“, გაეროსადმი, ეუთოსადმი ევროკავშირისადმი, მსოფლიო საზოგადოებისადმი და ა.შ.). „ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა - იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია. დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები, კულტურები მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ ისწრაფვიან, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა“, - განაცხადა, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

     მაშ რატომ აღიქვეს ესოდენ ხელსაყრელი შეთავაზებები მოსკოვში სარკაზმით, ხოლო სოხუმში და ცხინვალში - აღშფოთებით?!

     თუ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოთ მითითებულ კომენტარს გავითვალისწინებთ, ეს გამოწვეულია თბილისის მიერ „აფხაზებისა და ოსების ისტორიული არჩევანის უგულებელყოფით“, რომლისკენაც მათ, სხვათაშორის, საქართველოს არაშორსმჭვრეტელმა პრეზიდენტებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა უბიძგეს. აფხაზებისა და ოსების მენტალიტეტისთვის (მეტადრე, უფროსი თაობის) მიუღებელია „დანაელთა ძღვენი“ საქართველოსგან, რომელიც მათ „დამოუკიდებლობას“ არ აღიარებს. ამიტომ ისინი ამჯობინებენ, მათი უფლებები საქართველომ კი არა, რუსეთმა დაიცვას, თუნდაც ეს პატიმრის უფლებები იყოს და არა ევროპაში უვიზოდ მოსეირნე მოქალაქის! ამიტომ მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მათ თვალში ქართველების მხრიდან მოსყიდვად აღიქმება და უნდობლობას იწვევს. „ჯერ თვითონ მიაღწიონ კეთილდღეობას და მერე მიგვიტყუონ თავიანთი სიკეთეებით! საქართველო, რომელსაც რუსი ტურისტების და რუსეთში მცხოვრები ნათესავების ხარჯზე გააქვს თავი, რუსეთზე უკეთ ჩვენს უზრუნველყოფას ვერ შეძლებს! და ასეთ შემთხვევაშიც კი ჩვენ და ქართველებს ერთი გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ ისინი ნატოში მიდიან! თანაც რა მოელანდათ, რომ უცებ ჩვენზე ზრუნვა დაიწყეს?! „მადლიერების ნიშნად“ იმისთვის, რომ აქედან გავყარეთ, სადაც შეძლებულად ცხოვრობდნენ და მათხოვრული არსებობისთვის გავწირეთ?!“, - მიაჩნიათ აფხაზ და ოს „არა თანამოქალაქეებს“. ამავე დროს არავინ ახსენებს, რომ ოსი და აფხაზი „არა თანამოქალაქეები“ უკვე დიდი ხანია, მაღალი კლასის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების კლინიკებში, რომელთა უმრავლესობა კერძოა, მაგრამ ამის მიუხედავად, აფხაზებისთვის მთელი სამედიცინო მომსახურება ყველგან აბსოლუტურად უფასოა, რაც საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქისთვის შეუძლებელია!

     ღმერთი ყველას განგვსჯის, მაგრამ სამწუხარო იქნება, თუ მაშინ, როცა მიდგომები და რეალიები შეიცვლება, აფხაზი და ოსი ახალგაზრდობა, რომლებსაც ბახტაძემ ტყუილად როდი მიმართა, კრეატივის ნაცვლად, ქართველების მიმართ სიძულვილით დაავადებული აღმოჩნდება. ცვლილებების დრო კი აუცილებლად დადგება და თანაც - საკმაოდ მალე...

     დაბოლოს სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის შემუშავებულმა პროგრამამ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ შეცვალა ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების მოთხოვნა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, აღარ ახსენებს. ამის შესახებ არც ამჯერად იყო ნათქვამი გაერო-ს ტრიბუნიდან. არადა, აფხაზების და ოსების საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ ქართველი დევნილების მშობლიურ სახლებში დაბრუნებით შევძლებთ! საკუთარ მიწაზე, რომელიც მათი წინაპრების საფლავებს ინახავს და რომლის დამუშავებაც მათ იციან! აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში, ცხადია, ძალდაუტანებლად, სხვაგვარად ჩვენ მხოლოდ „მეზობელი ქვეყნები“ ვიქნებით, და ესეც - ფაქტი როდია...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი

2018 წლის 2 ოქტომბერი

საქართველო, თბილისი