აქტუალური
პატარკაციშვილების ოჯახმა სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირეს. ეს მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პატარკაციშვილის დედამ ნათელა პატარკაციშვილმა, ასევე დებმა ნანა პატარკაციშვილმა და მზია თოთლაძემ 17 ოქტომბერს ზურაბიშვილს თითოეულმა 60 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

60 ათასი ლარი მაქსიმალური თანხაა, რომლის შეწირვა კანდიდატისთვის ფიზიკურ პირს შეუძლია.

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა შორის ქართუ ბანკისა და ქართუ ჯგუფის ხელმძღვანელები არიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მათ მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა ჯამში 105 000 ლარს შეადგენს.

„ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ 19 ოქტომბერს ზურაბიშვილს 30 000 ლარი ჩაურიცხა.

ამავე დღეს ფიქსირდება ჩარიცხვები „ქართუ ბანკის“ კომერციული დირექტორის ზურაბ გოგუასგან (25 000 ლარი), ბანკის ოპერაციების დირექტორის დავით გალუაშვილისგან (25 ათასი ლარი) და „ქართუ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის გოჩა ჩიკვილაძისგან (25 ათასი ლარი).